„ინტერ ტრანსში“ აცხადებენ, რომ რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის გაძვირებით ხელშეკრულება არ დაურღვევიათ
კომპანია „ინტერ ტრანსში“ აცხადებენ, რომ რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსით მგზავრობის გაძვირებით ხელშეკრულება არ დაურღვევიათ. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.
„კომპანია „ინტერ ტრანსი“ გაცნობებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, რუსთავი- თბილისის ხაზებზე დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. რუსთავის მუნიციპალიტეტი მძღოლების მიერ მგზავრობის ტარიფის შესაძლო მატების შესახებ საქმის კურსში იყო. კომპანია „ინტერ ტრანსი“ ასევე ინფორმირებული იყო მძღოლების გადაწყვეტილების შესახებ მგზავრობის საფასურის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებით. სატრანსპორტო საქმიანობაში კონკურენციის გაზრდის, საწვავზე ფასის ცვლილების, ეროვნული ვალუტის კურსის დევალვაციის, სათადარიგო ნაწილებსა და საპოხ მასალებზე ფასების მატების გამო მძღოლებმა კომპანიისგან სატარიფო პოლიტიკის გადახედვა მოითხოვეს. კომპანიამ განხილვის შემდეგ მძღოლების მოთხოვნის შესახებ რუსთავის თვითმმართველობას დაახლოებით ორი თვის წინ წერილობით აცნობა და მგზავრობის ფასის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ მომზადებული დასკვნაც წარუდგინა, სადაც განმარტებულია, რომ არსებული ტარიფი არ ფარავს სატრანსპორტო საშუალების ხარჯების და მძღოლის სარგებელის საფასურს.
„ინტერ ტრანსის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კანონი ამ შემთხვევაში არც მძღოლებს დაურღვევია“, – აცხადებენ კომპანიაში.
რუსთავ-თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ რუსთავ-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საფასური თვითნებურად გაიზარდა და მერიასთან არ ყოფილა შეთანხმებული.