ინგლისსა და დანიაში აღმოჩენილი ორი ვიკინგის ჩონჩხის ანალიზით ირკვევა, რომ ისინი ახლო ნათესავები იყვნენ — #1tvმეცნიერება
ათასი წლის წინ, ორი ვიკინგი ძალისმიერად მოკლეს.
ერთი მათგანი დანიის კუნძულ ფიუნზე დაახლოებით 50 წლის ასაკში დაიღუპა, სავარაუდოდ, ბარძაყზე ხანჯლით მიყენებული ჭრილობის გამო. მეორე კი 20 წელს იყო გადაცილებული, როდესაც ინგლისში, ოქსფორდში დაიღუპა სხეულზე მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად; ის საერთო სამარხში დაკრძალეს.
ეს ნამდვილად არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორი სისხლით ნათესავი ადამიანი ერთმანეთისგან ასე შორს, ოკეანით გაყოფილ ადგილას გარდაიცვალა, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ათასი წლის შემდეგ, ისინი ერთმანეთს კვლავ „შეხვდნენ“.
გენეტიკური ანალიზების მიხედვით, ორი ჩონჩხი ერთმანეთის ახლო ნათესავ მამაკაცებს ეკუთვნით.
„დნმ-ის ტესტები აჩვენებს, რომ ამ ორ მამაკაცს მეორე ხარისხის ნათესაობა აკავშირებს. ანუ, ისინი ან ნახევარძმები არიან, ან ბიძა და ძმისშვილი“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ესკე ვილერსლევი.
მათი ნათესაობის ამბავი 2020 წელს გაირკვა, დიდი პროექტის მიმდინარეობისას, რომლის ფარგლებშიც ძვ. წ. 2400 — ახ. წ. 1600 წლებს შორის პერიოდის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები 442 ადამიანის დნმ-ს სწავლობდნენ. ეს გენეტიკური ნიმუშები წინა კვლევათა ნიმუშებს შეადარეს, 992 პრეისტორიული და 3855 თანამედროვე ინდივიდის გენომებს.
ასეთ კვლევებში სულაც არ არის უჩვეულო ნათესავი ადამიანების პოვნა და მეცნიერებს მართლაც აქვთ რამდენიმე ასეთი შემთხვევა. თუმცა ძირითადად, ასეთ ნათესაობას ერთმანეთთან ახლოს პოულობენ. ერთმანეთისგან ჩრდილოეთის ზღვით გამოყოფილი ორი ნათესავი მამაკაცის ნეშტის პოვნა კი მართლაც მოულოდნელი იყო.
დაახლოებით 50 წლის კაცის ჩონჩხი დანიის კუნძულ ფიუნზე 2005 წელს აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მას რთული ცხოვრება ჰქონდა. მრავალ ძვალზე აღენიშნებოდა ართრიტის კვალი, ნეკნებზე კი ანთების ნიშნები, რაც შეიძლება ტუბერკოლოზის მიერ ყოფილიყო გამოწვეული. იკვებებოდა გლეხის რაციონით, ბევრი ხორცით. გამხდარა ძალადობის მსხვერპლიც — ერთ-ერთი ბეჭის ძვალზე აქვს რაღაც ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა, რომელიც შემდეგ მოშუშებია.
„არა მხოლოდ ეს. მას ძალადობრივი დაზიანება აღენიშნება მარცხენა მენჯზეც, რაც სავარაუდოდ, მახვილი ხმლით არის მიყენებული. შესაძლოა, ეს ჭრილობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა, რადგან მოშუშებული არ არის“, — ამბობს დანიის ქალაქ ოდენსეს მუზეუმების არქეოლოგი ჯსეპერ ჰანსენი.
ახალგაზრდა კაცი, რომლის ჩონჩხიც 2008 წელს აღმოაჩინეს, გაცილებით სისხლიანი სიკვდილით მომკვდარა ინგლისსა და ვიკინგებს შორის მიმდინარე კონფლიქტისას, რომლებიც ინგლისში თავდასხმების დასრულების შემდეგ, ახ. წ. 850 წლიდან დასახლდნენ.
980 წელს, ინგლისის მეფე ეთელრედ უწიგნურის მმართველობისას, ვიკინგებმა თავდასხმები განაახლეს; 1002 წელს, როდესაც ამ პროცესმა პიკს მიაღწია, ეთელრედმა ინგლისში მცხოვრები ყველა დანიელის მოკვლა ბრძანა.
წმინდა ბრაისის ხოცვა-ჟლეტის დღეს მრავალი დანიელი მოკლეს; სხვები შემდეგ დღეებში დახოცეს. მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის დასახიჩრებული სხეულიც ოქსფორდის საერთო სამარხში, 35 სხვა კაცის ცხედართან ერთად დამარხეს; მათი სხეულებიც ძლიერ დასახიჩრებულია.
ახალგაზრდა მამაკაცის თავის ქალას ბასრი საგნით მიყენებული სულ მცირე ცხრა ჭრილობა აქვს. მის ძვლებს აღენიშნება ისრებით მიყენებული დაზიანებებიც, ზურგში კი შუბები აქვს ჩარჭობილი. ნამდვილად საშინელი სიკვდილია.
ამხელა დროისა და მანძილის მიუხედავად, ორი ნათესავი კვლავ „შეხვდა“ ერთმანეთს. ახალგაზრდა კაცის ძვლები დანიას დაუბრუნეს, სადაც ამ ორი მამაკაცის ჩონჩხი ეროვნულ მუზეუმში ერთმანეთის გვერდიგვერდ, 26 ივნისს გამოიფინება.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.