ინგა პაიჭაძე - არასრულ სამედიცინო სერვისს სხვადასხვა სახის პრობლემები განაპირობებს და ეს პრობლემები კომპლექსურია
ინგა პაიჭაძე - არასრულ სამედიცინო სერვისს სხვადასხვა სახის პრობლემები განაპირობებს და ეს პრობლემები კომპლექსურია

არასრულ სამედიცინო სერვისს სხვადასხვა სახის პრობლემები განაპირობებს და ეს პრობლემები კომპლექსურია, – ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა, ინგა პაიჭაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რიგ შემთხვევაში, არასწორი დიაგნოზის დასმა, რა თქმა უნდა, ექიმის კვალიფიკაციის დეფიციტთან არის დაკავშირებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დიაგნოსტიკური პროცესი ზოგადად, ძალიან რთული პროცესია; ის სიმპტომური კომპლექსების, კომპლექსური გამოკვლევების შეფასებას ემყარება და პაციენტის მრავალმხრივ გამოკვლევას ითვალისწინებს. ეს ძალიან რთული, მრავალმხრივი პროცესია და მრავალმხრივ შეფასებას საჭიროებს, რასაც რეგულირების სააგენტო კომპეტენციისა და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს“, – განაცხადა ინგა პაიჭაძემ.

ამ განცხადებით ინგა პაიჭაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პრობლემებს უკავშირდება საქართველოში ექიმის მიერ არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევები.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შემთხვევაში იწყებს საქმის შესწავლას რეგულირების სააგენტო და ვისი მიმართვის საფუძველზე, პაიჭაძემ განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტო სამედიცინო საკითხების შესწავლას მოქალაქის, სახელმწიფო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვისა და მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია რეგულირების სააგენტოს მიერ სამედიცინო ხარისხის შესწავლის სტატისტიკა და დინამიკა წინა წლებთან შედარებით, პაიჭაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სტატისტიკა წინა წლების სტატისტიკისგან არსებითად არ განსხვავდება.

შეკითხვაზე, დადგა თუ არა სამედიცონო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი მოქალაქე გიორგი წიკლაურის საქმეზე, რომელსაც საქართველოში არასწორი დიაგნოზი გაუსვეს, პაიჭაძემ აღნიშნა, რომ გიორგი წიკლაურის შეთხვევასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოს მიერ, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ხუთი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა.

„აღნიშნული საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განხილულია 2018 წლის 4 მაისს და ექიმებს სხვადასხვა ზომის პროფესიული პასუხისმგებლობა განესაზღვრათ. ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ორი თვით შეუჩერდა და შესაბამისი პროფესიული გადამზადების გავლა დაევალა. ოთხ ექიმს კი განესაზღვრა პროფესიული პასუხისმგებლობა, წერილობითი გაფრთხილების სახით“, – განაცხადა ინგა პაიჭაძემ.