ინდონეზიაში, ციხეში ხანძრის შედეგად 41 პატიმარი დაიღუპა
ინდონეზიაში, ციხეში ხანძრის შედეგად 41 პატიმარი დაიღუპა

ინდონეზიაში, ციხეში ხანძრის შედეგად 41 პატიმარი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ინდონეზიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ბანტენის პროვინციაში მდებარე ტანგერანგის ციხეში მოხდა. ცეცხლი საპატიმროში ღამით დაახლოებით 01:45 საათზე გაჩნდა. წინასწარი ვერსიით, ხანძარი ელექტროგაყვანილობას უკავშირდება, რომელიც 1972 წელს ციხის აშენებიდან არ განახლებულა.

ინდონეზიის მთავრობის ცნობით, გარდაცვლილი პატიმრებიდან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – სამხრეთ აფრიკისა და პორტუგალიის. მინისტრთა კაბინეტში ადასტურებენ, რომ ციხეში ჭარბი რაოდენობის მსჯავრდებულები იყვნენ. ცეცხლის გაჩენის დროს საკნები ჩაკეტილი იყო.

ინდონეზიის მთავრობის სექტემბრის მონაცემებით, ტანგერანგის ციხეში, რომელიც 600 პატიმარზეა გათვლილი, ორი ათასზე მეტი მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს.