ინდოეთის ოკეანის ქვეშ უზარმაზარი „გრავიტაციული ხვრელია“ — მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მისი წარმოქმნის მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება
ინდოეთის ოკეანის ქვეშ უზარმაზარი „გრავიტაციული ხვრელია“ — მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მისი წარმოქმნის მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება

გრავიტაციის ძალა დედამიწაზე მუდმივია, მაგრამ ჩვენი პლანეტა ერთგვაროვანი სფერო არ არის. დაფარულია ჩაზნექილობა-ამოზნექილობებით, სხვადასხვა სიმკვრივის გეოლოგიით, რაც ახლომდებარე მასებს ოდნავ სხვადასხვა ძალით იზიდავს; დედამიწის ასეთ ტალღოვან რუკას გეოიდს უწოდებენ.

ინდოეთის ოკეანის სიღრმეში, დაახლოებით იქ, სადაც ზღვის ფსკერი ვრცელ გეოლოგიურ დეპრესიაშია ჩაშვებული, ეს გრავიტაციული მიზიდვა იმდენად უკიდურესად დაბალია, რომ ჩნდება ე. წ. მასიური გრავიტაციული ხვრელი, რომლის ფართობის დაახლოებით სამი მილიონი კვადრატული კილომეტრია.

ეს გახლავთ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრავიტაციული ანომალია, რომლის არსებობის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. გემებითა და თანამგზავრებით ჩატარებულმა კვლევებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ცხადყო, რომ ზღვის დონე ინდოეთის სუბკონტინენტის წვერთან დაბალია, რისი მიზეზიც არის გრავიტაციული „ომი“ ინდოეთის ოკეანის გეოიდის დაბლობსა და მიმდებარე გრავიტაციულ „მაღლობებს“ შორის.

გაურკვეველი იყო, რა იწვევს ამ შედარებით შესუსტებას. თუმცა ახლა, ინდოეთის მეცნიერებათა ინსტიტუტის ორი მკვლევარი ფიქრობს, რომ უკეთესი იდეა აქვთ პლანეტური ფენომენის იმ ტიპის შესახებ, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა იყოს ჩართული.

„წარსულში ჩატარებული ყველა კვლევა ამჟამინდელ ანომალიას სწავლობდა და არ იკვლევდნენ, როგორ გაჩნდა ეს გეოიდური ჩადაბლება“, — წერენ დედამიწის მეცნიერები, დებანიან პალი და ატრეი გოში პუბლიკაციაში.

მათი აზრით, პასუხი იმალება დედამიწის ქერქის ქვეშ, 1000 კილომეტრის სიღრმეში, სადაც დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ, აფრიკის ქვეშ, უძველესი ოკეანის ცივი, მკვრივი ნარჩენები „ფილების სასაფლაოში“ ჩაიძირა და ცხელ, გამდნარ ქანებს შეერია.

თუმცა, კომპიუტერული მოდელების გამოყენებით მათ მიერ მიღებულმა შედეგებმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაჭრას ცხარე დებატები გეოიდური ჩადაბლების შესახებ — სულ მცირე იქამდე, ვიდრე არ გვექნება მეტი მონაცემი.

2018 წელს, ინდოეთის პოლარული და ოკეანის კვლევების ეროვნული ცენტრის მკვლევრებმა დეფორმაციის ზონაში, ზღვის ფსკერზე, სეისმომეტრები ჩაუშვეს, რათა ამ რეგიონის რუკა შეექმნათ.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ზონა ნაპირიდან ძალიან შორს არის, იქამდე ძალიან ცოტა სეისმური მონაცემი იყო შეგროვებული. 2018 წლის კვლევის შედეგები მიუთითებდა ინდოეთის ოკეანის ქვეშიდან ამომავალ გამდნარ ქანთა ჭავლებზე, რასაც გარკვეული წვლილი უნდა შეჰქონდეს მის დიდ ჩაზნექილობაში.

თუმცა, ადრეულ ფაზებში ამ გეოიდური ჩაზნექილობის რეკოსნტრუქციისთვის საჭირო იყო უფრო გრძელვადიანი მონაცემები. ამიტომ, პალმა და გოშმა მასიური გეოიდის წარმოქმნის ამბავი მოიკვლიეს, რისთვისაც მოახდინეს იმის მოდელირება, თუ როგორ გადაიარეს ტექტონიკურმა ფილებმა დედამიწის ცხელ, ბლანტ მანტიაზე ბოლო 140 წლის განმავლობაში.

ინდოეთის ტექტონიკური ფილა ჯერ მხოლოდ მაშინ იწყებდა სუპერკონტინენტ გონდვანადან გამოყოფას და ჩრდილოეთის მიმართულებით დაძვრას. ინდოეთის ფილის დაწინაურებასთან ერთად, უძველესი ოკეანის, სახელად ტეთისის ზღვის ფსკერი დედამიწის მანტიაში ჩაიძირა და მის ადგილას გაიხსნა ინდოეთის ოკეანე.

ფილებისა და მანტიის მოძრაობათა ათზე მეტი კომპიუტერული მოდელის გამოყენებით, პალმა და გოშმა სიმულაციები ჩაატარეს; ოკეანური ჩაზნექილობის ფორმა შეადარეს მოდელებს, რომლებიც თავად ჩაზნექილობაზე დაკვირვებებით იყო პროგნოზირებული.

მოდელებს, რომლებმაც ინდოეთის ოკეანის გეოიდური ჩაზნექილობა ამჟამინდელი ფორმით წარმოქმნეს, ერთი რაღაც ჰქონდათ საერთო: ქვემოდან ამომავალი ცხელი, დაბალი სიმკვრივის მაგმის ჭავლები. პალის და გოშის ვარაუდით, მანტიის განსხვავებული სტრუქტურის გარდა, ეს ჭავლები ასევე წარმოქმნის გეოიდურ ჩაზნექილობას, თუკი საკმარისად აიწევიან.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, იმისათვის, რათა არსებულ გეოიდურ ჩაზნექილობას დაემთხვეს (ფორმას და ამპლიტუდას), საჭიროა, რომ ჭავლები საკმარისად იყოს ამოწეული, რათა მანტიის შუა სიღრმემდე მოაღწიოს“, — წერენ მკვლევრები.

პირველი ასეთი ჭავლი დაახლოებით 20 მილიონი წლის წინ გამოჩნდა, ინდოეთის ოკეანის გეოიდური ჩაზნექილობის სამხრეთით; დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ კი, თეტისის ძველი ზღვა ქვედა მანტიაში ჩაიძირა. როდესაც ჭავლები ლითოსფეროს ქვეშ გავრცელდა და ინდოეთის ნახევარკუნძულისკენ მიიწევდა, ჩადაბლება კიდევ უფრო გაძლიერდა.

გამომდინარე იქიდან, რომ შედეგები შეესაბამება გოშის მიერ 2017 წელს ჩატარებული მოდელირების ელემენტებს, მკვლევართა წყვილი ვარაუდობს, რომ თეტისის ზღვის ფსკერის ქვედა მანტიაში ჩაძირვის შემდეგ, ჭავლები მაღლა წამოვიდა, რამაც წონასწორობიდან გამოიყვანა სახელგანთქმული „აფრიკის ამოზნექილობა“.

თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, შედეგებში დარწმუნებული არ არის და ამბობენ, რომ ჯერ არ არსებობს რაიმე აშკარა სეისმოგრაფიული მტკიცებულება იმისა, რომ სიმულაციის მიერ მოცემული ჭავლები მართლაც არსებობს ინდოეთის ოკეანის სიღრმეში.

ასეთი მონაცემები მომავალში აუცილებლად გვექნება, რადგან მოსალოდნელია, რომ გეოიდური ჩაზნექილობა კიდევ მრავალ მილიონ წელიწადს გაძლებს.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.