ინდოეთის ოკეანეში მომხდარმა უდიდესმა წყალქვეშა ამოფრქვევამ ახალი, უზარმაზარი ვულკანი წარმოქმნა — #1tvმეცნიერება
უზარმაზარმა სეისმურმა მოვლენამ, რომელიც 2018 წლის მაისში დაიწყო და მთელ მსოფლიოში შეიგრძნობოდა, ოფიციალურად წარმოშვა ახალი წყალქვეშა ვულკანი.
ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტეში მდებარე კუნძულ მაიოტის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ახალი გიგანტური წარმონაქმნი ზღვის ფსკერიდან 820 მეტრის სიმაღლეზე წამოიმართა. ის 2018 წლის მაისში კუნძულზე მომხდარ მიწისძვრამდე არ არსებობდა.
„ეს გახლავთ უდიდესი აქტიური წყალქვეშა ამოფრქვევა ოდესმე აღრიცხულთა შორის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ახალი წარმონაქმნი აღმოსავლეთ აფრიკისა და მადაგასკარის ნაპრალებს შორის არსებულ ტექტონიკურ სტრუქტურას ეკუთვნის და მეცნიერებს დედამიწის სიღრმეში მიმდინარე იმ პროცესების შესწავლაში ეხმარება, რომელთა შესახებაც შედარებით ცოტა რამ ვიცოდით.
ამჟამადაც მიმდინარე მოვლენის სეისმური ბიძგები 2018 წლის 10 მაისს დაიწყო. რამდენიმე დღის შემდეგ, 15 მაისს, ახლომდებარე კუნძულზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. თავდაპირველად, მეცნიერებს თავგზა აებნათ; თუმცა, სულ მალე გაარკვიეს, რომ საქმე ეხებოდა ვულკანურ მოვლენას, თანაც ისეთს, რომლის მსგავსიც იქამდე არ ენახათ.
სიგნალები კუნძულ მაიოტის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 50 კილომეტრით დაშორებულ ადგილზე მიუთითებდა; მაიოტა საფრანგეთის კუთვნილი კუნძულია და კომორის ვულკანურ არქიპელაგში შედის, რომელიც აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსა და მადაგასკარის ჩრდილოეთ წვერს შორის არის მოქცეული.
ამიტომ, საფრანგეთის რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებამ ადგილზე მკვლევართა ჯგუფი გაგზავნა; მათ იქ წყალქვეშა მთა დახვდათ, რომელიც იქამდე არ იყო.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც პარიზის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ნატალი ფეიე ხელმძღვანელობდა, აღმოჩენები ახალ პუბლიკაციაში აღწერა.
რეგიონის მონიტორინგი ჯგუფმა 2019 წლის თებერვალში დაიწყო. ზღვის ფსკერის 8600 კვადრატულ-კილომეტრიანი მონაკვეთის რუკის შესაქმნელად, ისინი მრავალჭავლიან ექოლოკატორს იყენებდნენ. ფსკერზე, დაახლოებით 3,5 კმ სიღრმემდე, განათავსეს სეისმომეტრთა ქსელიც, რასაც შემდეგ მაიოტაზე აღებული სეისმური მონაცემები შეურწყეს.
2019 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე, ამ ქსელმა 17 000 სეისმური მოვლენა დააფიქსირა, ოკეანის ფსკერიდან 20-55 კმ სიღრმემდე; აღმოჩენა ძლიერ უჩვეულო იყო, რადგან მიწისძვრათა უმეტესობა გაცილებით ზედა ნაწილში ხდება. ძლიერ უჩვეულო იყო დამატებითი 84 მოვლენაც, რომლებიც ძალიან დაბალ სიხშირეებზე დაფიქსირდა.
ამ მონაცემებით შეიარაღებულმა მკვლევრებმა შეძლეს აღედგინათ, როგორ შეიძლება მომხდარიყო ახალი ვულკანის წარმოქმნა. აღმოჩენათა მიხედვით, ყველაფერი დაიწყო ასთენოსფეროში არსებული მაგმის რეზერვუარიდან; ასთენოსფერო არის მანტიის გამდნარი შრე, რომელიც პირდაპირ დედამიწის ლითოსფეროს ქვეშ მდებარეობს.
ახალი ვულკანის ქვეშ, ტექტონიკურმა პროცესებმა შეიძლება გამოიწვია ლითოსფეროს დაზიანება, რის გამოც არხები გაიხსნა და რეზერვუარიდან მაგმა ქერქში ამოვიდა, რამაც ამ პროცესში მიწისძვრათა მთელი სერია გამოიწვია. თანდათანობით, ეს მასალა ზღვის ფსკერამდე ამოვიდა, სადაც ის ამოიფრქვა, 5 კუბურ კილომეტრამდე მოცულობის ლავამ ახალი ვულკანი წარმოქმნა.
დაბალი სიხშირის მოვლენები სავარაუდოდ გამოწვეული იყო ზედაპირის სიახლოვეს, ქერქში სითხით სავსე სიღრუით, რომელსაც მის სიახლოვეს არსებული ნასხლეტების სეისმური დაძაბულობა აღიზიანებდა.
2019 წლის მაისის მონაცემებით, ახალი ვულკანური წარმონაქმნის მოცულობა 30-1000-ჯერ დიდი იყო, ვიდრე სხვა ღრმაწყლოვანი ამოფრქვევებისა, რის გამოც, ის ყველაზე მნიშვნელოვანი წყალქვეშა ვულკანური ამოფრქვევაა ოდესმე აღრიცხულთა შორის.
„სამომავლო სცენარებს შორის შეიძლება იყოს ახალი კალდერის კოლაფსი, წყალქვეშა ამოფრქვევები ზედა კალთაზე ან სანაპირო ამოფრქვევები. ლავის დიდი ნაკადები და ზედა კალთის კონუსები მაიოტის სანაპიროს სიახლოვეს, იმაზე მიუთითებს, რომ ეს წარსულშიც მოხდა“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.