სენსაციურად დასრულდა ინდიან უელსის ქალთა ტურნირი. კარიერაში პირველად მოიგო ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ეგიდით ჩატარებული ტურნირი 18 წლის კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ. მან გერმანელი ანჟელიკ კერბერი სამ სეტში დაამარცხა – 6:4, 3:6, 6:4. მატჩი ორი საათი და 18 წუთი გრძელდებოდა.
პირველ ორ სეტში გამარჯვებულის ბედს თითო ბრეიკი წყვეტდა. მესამე სეტში უფრო რთული ბრძოლა იყო: ჯერ კერბერი დაწინაურდა ბრეიკით, შემდეგ ანდრეესკუმ აიღო ზედიზედ სამი გეიმი, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდა. თუმცა, მეათე გეიმში კანადელმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.
ამ მოგებით ანდრეესკუ რეიტინგში მე-60 ადგილიდან 24-მდე ამაღლდა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონის დასაწყისში კანადელი თინეიჯერი რეიტინგის პირველ 150 ჩოგბურთელშიც კი არ შედიოდა.