ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ეშლი ბარტიმ ტიტული დაიცვა მაიამის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე. პირველ ნომრად განთესილმა ავსტრალიელმა 6:3, 4:0 დაამარცხა კანადელი ბიანკა ანდრეესკუ, რომელმაც მეორე სეტის მეორე გეიმში მიიღო ტრავმა და შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.
ბარტი ისტორიაში მეშვიდე ჩოგბურთელი გახდა, ვინც მაიამიში ტიტული დაიცვა. მანამდე ეს შეძლეს: შტეფი გრაფმა (1987-88, 1994-96), მონიკა სელეშმა (1990-91), არანჩა სანჩეს-ვიკარიომ (1992-93), ვენუს უილიამსმა (1998-99) და სერენა უილიამსმა (2002-04, 2007-08, 2013-15).
ავსტრალიელისთვის ეს არის მე-10 ტიტული კარიერაში. ფინალამდე გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბარტის სამი სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია, ყველაზე მეტად კი პირველ წრეში გაუჭირდა, როცა კრისტინა კუკოვასთან ორსაათნახევრიან მატჩში მატჩბოლი მოიგერია.
ბარტის გზა ჩემპიონობამდე:
ბარტი-კუკოვა (სლოვაკეთი) 6:3, 4:6, 7:5
ბარტი-ოსტაპენკო (ლატვია) 6:3, 6:2
ბარტი-აზარენკა (ბელარუსი) 6:1, 1:6, 6:2
ბარტი-საბალენკა (ბელარუსი) 6:4, 6:7(5), 6:3
ბარტი-სვიტოლინა (უკრაინა) 6:3, 6:3
ბარტი-ანდრეესკუ (კანადა) 6:3, 4:0 უარი