ჰალეპი მეექვსე ჩოგბურთელია ტოპ10-დან, რომელიც აშშ-ის ღიაზე არ ითამაშებს
ჰალეპი მეექვსე ჩოგბურთელია ტოპ10-დან, რომელიც აშშ-ის ღიაზე არ ითამაშებს

ქალთა კლასიფიკაციის მეორე ნომერმა სიმონა ჰალეპმა გადაწყვიტა – არ ითამაშოს ამერიკის ღია პირველობაზე, რომელიც ნიუ იორკში 31 აგვისტოს დაიწყება. რუმინელი არ არის დარწმუნებული საკუთარ უსაფრთხოებაში და ამის გამო თქვა უარი ნიუ იორკში გამგზავრებაზე.

ჰალეპი მეექვსე ჩოგბურთელია WTA-ის კლასიფიკაციის ტოპ-ათეულიდან, რომელიც “დიდი სლემის” ამერიკულ ტურნირში არ ითამაშებს. მანამდე ასევე უარი უთხრეს ამ ჩემპიონატს – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ (ავსტრალია), მოქმედმა ჩემპიონმა ბიანკა ანდრეესკუმ (კანადა), ელინა სვიტოლინამ (უკრაინა), კიკი ბერტენსმა (ნიდერლანდები) და ბელინდა ბენჩიჩმა (შვეიცარია).

TOP10-დან ნიუ იორკში თამაში დადასტურებული აქვთ – სერენა უილიამსს (აშშ), ნაომი ოსაკას (იაპონია), სოფია კენინსა (აშშ) და კაროლინა პლიშკოვას (ჩეხეთი).

გასულ კვირას, ჰალეპმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში WTA-ის ტურნირი მოიგო. მან ფინალში საათსა და 35 წუთში მოუგო ბელგიელ ელიზ მერტენსს – 6:2, 7:5.

რუმინელისთვის ეს იყო 21-ე ტიტული კარიერაში. მან ამ მაჩვენებლით გაუსწრო ბელარუს ვიქტორია აზარენკას და მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მეხუთე ადგილზეა. ტიტულების რაოდენობით ჰალეპზე წინ არიან – სერენა უილიამსი (73), ამერიკელი ვინუს უილიამსი (49), ბელგიელი კიმ კლაისტერსი (41) და ჩეხი პეტრა კვიტოვა (27).