იმუნოლოგ-ალერგოლოგი დავით თელია - ყველა წამალს, მათ შორის ვაქცინებსაც, გვერდითი ეფექტები აქვს, მაგრამ ვაქცინაციის სარგებელი რისკზე მეტია
იმუნოლოგ-ალერგოლოგის, დავით თელიას განცხადებით, ვაქცინაციის ეფექტურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სწორი არ არის. დავით თელიამ აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.
თელიას თქმით, ყველა ვაქცინას ახასიათებს გვერდითი მოვლენები, თუმცა მისი სარგებელი გაცილებით მეტია.
„ყველა წამალს, მათ შორის ვაქცინებსაც რასაკვირველია, გვერდითი ეფექტები აქვს. ვაქცინაციის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი. ვაქცინაციის დროს ადამიანი არა მარტო საკუთარ თავს და ოჯახს იცავს, არამედ იცავს საზოგადოებას, რადგან არის საზოგადოებაში უამრავი ადამიანი, რომლებსაც არ შეუძლიათ ვაქცინაციის ჩატარება. ასეთები გახლავთ ადამიანები, რომლებიც დაავადებული არიან სხვადასხვა იმუნოპათოლოგიური მდგომარეობებით, მაგალითად, პატარა ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან უფრო სერიოზული დაავადებებით. ამ ადამიანების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ იქიდან, რომ საზოგადოების დანარჩენმა ნაწილმა აიცრას, რათა დაავადების გავრცელება შეიზღუდოს. აცრა არ უნდა გაიკეთოს, თუ კოვიდვაქცინის პირველ ვაქცინაციაზე ჰქონდა სერიოზული, ძლიერი რეაქცია. ცალსახად არ უნდა გაიკეთოს მეორე, რადგან მეორე ძალიან დიდი ვარაუდით, იქნება გაცილებით უფრო მძიმე“, – განუცხადა თელიამ საქართველოს პირველ არხს.
დავით თელიამ დაასახელა რისკჯგუფები, რომელში შემავალმა პირებმაც ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავონ.
„ალერგიული დაავადებებიდან, რეკომენდაციებით, რისკჯგუფად მოიაზრება ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმა. მსუბუქ ასთმაზე არ არის ლაპარაკი, არამედ მძიმე, არაკონტროლირებად ან ძნელად კონტროლირებად ბრონქულ ასთმაზე. ასეთმა ადამიანმა თავი უნდა შეიკავოს ვაქცინაციის გაკეთებისგან. არ უნა გაიკეთოს ვაქცინაცია ფილტვის ქრონიკული („ობსტრუქციული“) დაავადების მატარებელმა ადამიანმა, ასევე მათ, ვინც დაავადებული არიან ავტოიმუნური დაავადებებით. ასეთმა ადამიანებმა სჯობს, თავი შეიკავონ, თუ ძალიან სერიოზულად დგას საკითხი ვაქცინაციის შესახებ. მათ დამატებითი კონსულტაცია უნდა მიიღონ თავიანთი ექიმისგან“, – აღნიშნა თელიამ.
ამასთან, დავით თელიას განცხდებით, „ასრაზენეკას“ წარმოების ვაქცინა შეიცავს ცხიმოვან ლიპიდურ ნივთიერებას, რასაც ზოგიერთი საკვები პროდუქტი, მათ შორის ნაყინიც შეიცავს. თელიას განმარტებით, თუ აღნიშნულ პროდუქტზე ადამიანს ალერგიული რეაქცია აქვს, მან ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავოს.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაში არის ცხიმოვანი ლიპიდური ნივთიერება „პოლისორბატ 80“. სწორედ ამ ნივთიერებასთან ასოცირდება ძირითადად ამ ვაქცინით განპირობებული ალერგიული რეაქციები, რადგან მეტი ამ ვაქცინაში არაფერი არ არის. ამას იყენებენ კვების მრეწველობაში, მაგალითად, ნაყინის, სხვადასხვა ტკბილეულობის წარმოებაში, ასევე იყენებენ პარფიუმერიაში. თუ ადამიანები რეაგირებენ, სერიოზული რეაქციები აქვთ, ეს ადამიანები უნდა დაინტერესდნენ, შეიცავს თუ – არა პარფიუმერია, რომელსაც იყენებენ ამ ნივთიერებას. ამის დადაგენა ძნელი არ არის, ვინაიდან „პოლისორბატ 80“ არის ე.წ. ადიუანტი დანამატი, რომელიც აღინიშნება ევროპული კლასიფიკაციით E433“, – განაცხადა დავით თელიამ.