იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული მირზა ჩაჩუას ოჯახს მათთვის შეხვედრის თხოვნით არ მიუმართვს
იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული მირზა ჩაჩუას ოჯახს მათთვის შეხვედრის თხოვნით არ მიუმართვს

იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახს შეხვედრის მოთხოვნით მათთვის არ მიუმართვს. ამის შესახებ პირველ არხს იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მირზა ჩაჩუას ოჯახმა იმერეთის გუბერნატორი შავლეგ ტაბატაძე გულგრილობაში დაადანაშაულა. როგორც  გარდაცვლილი ჯარისკაცის მამამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გუბერნატორთან შეხვედრას რამდენიმე კვირაა, უშედეგოდ ითხოვს.

სამხედროს მამა ირწმუნება, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს. გარდაცვლილი მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას ახლა უკვე პრემიერ-მინისტრს სთხოვს.

გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობიან, რადგან იქ წერია, რომ ჩაჩუას გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლური სასმელის მიღება გახდა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა.ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისთვის კომპენსაცია არ მიეცათ.

31 წლის მირზა ჩაჩუა მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ჩაჩუა პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამინისტროს ცნობით, მას გულის პირდაპირი მასაჟის სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა კაპრალ გია ჩაჩუას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულმა სამმართველომ, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.