ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2019 დღეს დაიხურება 
ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2019 დღეს დაიხურება 

ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დღეს მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2019-ის საჩვენებელი სწავლება და დახურვის ცერემონიალი გაიმართება. საჩვენებელ სწავლებაში ჩართული პირადი შემადგენლობა არტილერიის მხარდაჭერით შეტევით და თავდაცვით ოპერაციებს განახორციელებს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, Agile Spirit 2019 საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანი იყო მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა, გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“. წელს სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართა. მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანა იყო ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.