ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდან არის განწყობა, ბიზნესს მოუსმინოს, – ამის შესახებ „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესასოციაციის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ილია წულაიამ აღნიშნა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება ბიზნესთან ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე.
„შეხვედრაზე ბევრი საკითხი წარმოიშვა ბიზნესის მხრიდან. ასევე პრემიერი მხრიდანაც მონიშნული იყო საკითხები, რომელიც შეიძლება კერძო ბიზნესს აწუხებდეს, რათა განავითაროს ადგილობრივი წარმოება, უფრო მეტი ხალხი დასაქმდეს და უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. საბანკო რეგულაციების მიმართულებით შეხვედრაზე კითხვა დაისვა. თავის დროზეც ითქვა პრემიერისა და მთავრობის მხრიდან, რომ საბანკო რეგულაციებს დააკვირდებიან, თუ უარყოფითად აისახება კონკრეტულ სფეროებზე, გადაიხედება. ვფიქრობ და ჩვენი აზრია, რომ საბანკო რეგულაციები რაღაც სფეროებზე ნაწილობრივ უარყოფითად, ნაწილობრივ დადებითად აისახება. ამიტომ მთავრობის განწყობაა, რომ შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოხდება, რეგულაციების გადახედვა იმ თვალსაზრისით, რომ ლარში იპოთეკური სესხებზე ხელმისაწვდომობა უფრო გაიზარდოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი იქნება. მჯერა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან კორექტირება მოხდება“, – განაცხადა ილია წულაიამ.