ილია ნაკაშიძე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომაზე თემა ტივტივებს, მაგრამ რა არის პრობლემა, რა ხდება, ვერ გეტყვით
ილია ნაკაშიძე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომაზე თემა ტივტივებს, მაგრამ რა არის პრობლემა, რა ხდება, ვერ გეტყვით

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ის აღნიშნავს, რომ პატარაძის გადადგომაზე „თემა ტივტივებს“. როგორც ჟურნალისტებს ნაკაშიძემ განუცხადა, კონკრეტული ინფორმაცია არ არის და კომენტარის გაკეთება ნაადრევია.

„პერიოდულად, კოლეგებთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციებს გავდივარ და გადადგომაზე თემა ტივტივებს. რა არის პრობლემა, რა ხდება, ზუსტად ვერ გეტყვით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დღემდე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლით მოვიდა, ბევრი პროექტი შესრულდა, სრულდება და დასრულების ეტაპზეა. ალბათ, ამ ნაბიჯის მიზეზი ბრიფინგზე გაირკვევა. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დიდი პოლიტიკა არ იქმნება, ეს იქნება ცენტრში, სადაც ძირითადად ჩვენი პოლიტიკური წარმომადგენლობაა თბილისში. აჭარაში ძირითადად ეკონომიკური პროექტები ხორციელდება. ეკონომიკური გუნდი იცვლება და არ გამოვრიცხავ, რომ მას სხვა ხედვები ჰქონდეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს ნაწილია და თუ ნებისმიერი ნაბიჯი გადაიდგმება, ეს კონსულტაციის საფუძველზე იქნება გაკეთებული“, – აღნიშნა ილია ნაკაშიძემ.

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, პატარაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო თუ არა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან კონსულტაციების საფუძველზე.

„ინფორმირებული არ ვარ. კვირის ბოლოს პატარაძესთან შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. რეალურია, რომ საუბარი პრემიერთან ჰქონდეთ. ვერ ვიტყვი, რომ გაშვება უნდათ“, – განაცხადა ნაკაშიძემ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ პატარიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კადრია, ნაკაშიძე აცხადებს, რომ ჭორის დონეზე არ უნდა დავეშვათ.

„ეს არ მგონია. კვირიკაშვილი პარტიის ხელმძღვანელი იყო და ყველა მისი კადრი ვიყავით. ჭორის დონეზე ნუ დავეშვებით. კვირიკაშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი რამე გააკეთა და დღემდე მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლით მოგვიყვანა, თუმცა მკაცრი და ხისტი პოლიტიკით. ძალიან ბევრი სიღარიბეში აღმოჩნდა“, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს.