თორნიკე რიჟვაძე - არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს
თორნიკე რიჟვაძე - არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს

არჩევნები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, დღის განმავლობაში დაფიქსირდა არაერთი დარღვევა, როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევდნენ საარჩევნო კანონმდებლობას.

„მე პირველ რიგში მადლობა მინდა, გადავუხადო მოქალაქეებს იმ აქტიურობისთვის და ასევე, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ ჩვენ რამდენიმე საათი გვაშორებს დამაჯერებელ გამარჯვებამდე პირველივე ტურში, ყველა მუნიციპალიტეტში და ამისთვის გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის, ჩვენი მხარდამჭერის ხმა. საარჩევნო პროცესი, ხმის მიცემა გრძელდება და ყველას მინდა, მოვუწოდო აქტიურობისკენ.

დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი დარღვევა, როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომლებიც არღვევდნენ საარჩევნო კანონმდებლობას. ეს ყველაფერი იქნება დაფიქსირებული და გადაეცემა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან წელს, ამ თვითმმართველობის არჩევნებს არაერთი რეპუტაციული, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც დღეს, ასევე ხვალ და მომავალშიც, დღევანდელი გამარჯვება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობიან განვითარებაში ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ამ რეგიონის მცხოვრებელი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.