იგორ დოდონი მოლდოვაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას ითხოვს
იგორ დოდონი მოლდოვაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას ითხოვს

მოლდოვის პრეზიდენტის იგორ დოდონის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყენაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს, საჭიროა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ახალ მინისტრებს კომპრომისებზე წასვლისკენ, კონსტიტუციის პატივისცემისკენ, მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ და მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოვუწოდე. ამავე დროს, მოვუწოდე მათ, ვინც ამ დრომდე იმყოფებოდა ხელისუფლებაში, უზრუნველყონ მოლდოვის რესპუბლიკაში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რათა არ დავუშვათ დესტაბილიზაცია ჩვენს ქვეყანაში“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

8 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი, რომელიც პარტია „მოქმედებასა და სოლიდარობასა“ (PAS) და „ღირსებას და სიმართლეს“ (PA) აერთიანებს, კოალიცია ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ დროებითი მთავრობა შექმნეს. აღნიშნულმა პარტიებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერად კი „სოციალისტების“ პარტიის ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს.

8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.

ამასთან, მოლდოვის პარლამენტმა „დემოკრატიული პარტია“ და საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები უკანონოდ გამოაცხადა. საგანგებო სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს დემოკრატიული პარტიისა და რუსი ბიზნესმენის ილან შორის პარტიის დეპუტატებმა.

2019 წლის თებერვალში მოლდოვაში, გამართული არჩევნების შედეგად მმართველი დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა ის ამ დრომდე აკონტროლებდა მთავრობას, რადგან პარლამენტში პარტიები მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევდნენ.