სააპელაციო სასამართლომ მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი შინაპატიმრობაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი შინაპატიმრობაში დატოვა

კიშინეუს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი შინაპატიმრობაში დარჩება. ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ 27 სექტემბერს მიიღო.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი პრეზიდენტის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ამასთან, სასამართლომ მხარი დაუჭირა პროკურატურის თხოვნას, შინაპატიმრობის ვადის 20 დღის ნაცვლად, 30 დღით გაგრძელებაზე.

სასამართლომ შინაპატიმრობაში დატოვა ასევე დოდონის ნათესავი, პეტრუ მერინიანუ, რომელიც ექსპრეზიდენტის საქმეში ეჭვმიტანილია.

იგორ დოდონი შინაპატიმრობაში 26 მაისიდან იმყოფება. მას ბრალად ედება პასიური კორუფცია, უკანონო გამდიდრება, სახელმწიფო ღალატი და დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება. დოდონი დანაშაულს არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.