მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში იგორ დოდონი ლიდერობს
მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში იგორ დოდონი ლიდერობს

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში იგორ დოდონი ლიდერობს. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უკვე დათვლილია ხმების 95 პროცენტზე მეტი, რომლის მიხედვით ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მხარს არჩევნებზე მისული მოქალაქეების 35.65 პროცენტი უჭერს.

ამ დროისთვის, მეორე ადგილზეა მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ, რომელსაც 32.55 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. „ჩვენი პარტიის“ კანდიდატმა, რენატო უსატიმ ხმების 16.89 პროცენტი მიიღო, ხოლო „შორის“ კანდიდატმა, ვიოლეტა ივანოვმა 7.09 პროცენტი.

პირველ ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. რესპუბლიკის მეთაურს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ქვეყნის ცესკო-მ არჩევნები შემდგარად ცნო, რადგან ამომრჩეველთა აქტივობამ გადააჭარბა საჭირო ზღვარს, 33.33 პროცენტს. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორი კვირის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან ხმების 50 პროცენტზე მეტის აღება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.