იემენში შიიტი ჰუსიტები ჰოდეიდას პორტს ტოვებენ. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პორტის დატოვებას ამბოხებულები ოთხ დღეს მოანდომებენ, რის შემდეგაც რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შევა.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის დატოვებას დაპირისპირებული მხარეები ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის დროს დათანხმდნენ, თუმცა პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო.
იემენში ქვეყნის ხელისუფლებასა და ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს შორის სამოქალაქო ომი უკვე მეოთხე წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში კონფლიქტს 6 800-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. საომარმა მოქმედებებმა იემენი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა.
აღნიშნული ვითარება გარკვეულწილად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში მიმდინარე დაპირისპირებებმა გამოიწვია, რადგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტის საშუალებით ადგილობრივები ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ. ჰოდეიდაში დაპირიპირებების გამო გარკვეული პერიოდი პორტი დახურული იყო.