იემენის „ჯოჯოხეთის ჭაში“ ჩასულ მკვლევართა ჯგუფს იქ გველები და მკვდარი ცხოველები დახვდა — #1tvმეცნიერება
გამოქვაბულების მკვლევართა ჯგუფი იემენის სახელგანთქმულ ბარჰუტის ჭაში ჩავიდა. ომანელ მკვლევართა ჯგუფი პირველია, რომელმაც ეს გაბედა. ადგილობრივთა რწმენით, ეს ბუნებრივი წარმონაქმნი ავი სულების საპყრობილეა.
მას „ჯოჯოხეთის ჭასაც“ უწოდებენ და წარმოადგენს მრგვალ ხვრელს, რომლის სიღრმეშიც 30 მეტრი სიგანის გამოქვაბული იშლება. მდებარეობს აღმოსავლეთ იემენში, ალ-მაჰრას პროვინციაში. გამოქვაბულის სიღრმე 112 მეტრია და ზოგიერთი ცნობით, იქიდან უცნაური სუნი ამოდის.
გამოქვაბულში ჩასვლის შემდეგ, ომანელმა მკვლევრებმა იქ გველები, მკვდარი ცხოველები და ე. წ. მღვიმის მარგალიტები იპოვეს. რა თქმა უნდა, იქ არანაირი ზებუნებრივის ნიშნები არ აღმოჩნდა.
„გველები დაგვხვდა, მაგრამ არაფერს გვერჩოდნენ, თუ შენ არ დაუშავებდი რამეს“, — ამბობს ომანის გერმანული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გეოლოგიის პროფესორი მოჰამედ ალ-კინდი.
კინდი გამოქვაბულების გამოცდილ მკვლევართა იმ რვაკაციანი ჯგუფის წევრი იყო, რომელიც გასულ კვირაში ამ გამოქვაბულში ჩავიდა.
„ამისკენ ცნობისმოყვარეობამ გვიბიძგა. ვგრძნობდით, რომ ეს რაღაც ისეთი იყო, რაც რაიმე ახალს გვეტყოდა“, — ამბობს კინდი.
მისი განცხადებით, მღვიმეში შეაგროვეს წყლის, ქვებისა, ქანების და მკვდარ ცხოველთა ნიმუშები, მაგრამ მათი ანალიზები ჯერ არ დაუწყიათ. იქვე დასძენს, რომ შედეგები საზოგადოებისთვის კვლევის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.
„ვნახეთ მკვდარი ფრინველებიც, რაც ცუდ სუნს გამოსცემდა, მაგრამ რაიმე აუტანლად ცუდი სუნი ნამდვილად არ იდგა“, — აღნიშნავს კინდი.
იემენის ხელისუფლება ივნისში აცხადებდა, რომ არ იციან, რა იმალება ჭაში.
„ძალიან ღრმაა. ამ ხვრელის ფსკერამდე არასოდეს ჩავსულვართ, რადგან იქ ცოტა ჟანგბადი და ჩახუთულობაა“, — ამბობდა მაჰრას პროვინციის მინერალურ რესურსთა სამმართველოს ხელმძღვანელი სალეჰ ბაბჰაირი.
მისივე განცხადებით, ჭაში ჩასვლა ერთხელ სცადეს, მაგრამ მხოლოდ 50-60 მეტრ სიღრმემდე ჩავიდნენ. ამბობს, რომ ამის შემდეგ იქ უცნაური რამეები შენიშნეს. იდგა საშინელი სუნიც.
სტრუქტურაში მზის სინათლე შორს ვერ აღწევს და მაღლიდან ბევრი არაფერი ჩანს, გარდა იმისა, რომ იქ ჩიტები ფრინდებიან და კვლავ ამოდიან.
საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა თქმულებები, რომ ჭაში ზებუნებრივი არსებები, ჯინები ცხოვრობენ.
ბევრი ადგილობრივი არა თუ ხვრელთან მიახლოებას, არამედ მის შესახებ ლაპარაკსაც ვერ ბედავს. ეშინიათ, რომ ამ ჭამ შეიძლება მათ ბედისწერაზე იმოქმედოს; არსებობს ლეგენდა, რომ ის საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს მთელ დედამიწაზე.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით.