მზის სისტემის კიდეზე, რაღაც უცნობი ობიექტი გავლენას ახდენს იქ არსებულ ყინულოვან სხეულთა მოძრაობაზე.
ამ სხეულების ოვალური ფორმის, ერთი მიმართულებისა და ერთნაირი დახრილობის ორბიტები მიუთითებს, რომ მათ რაღაც უხილავი ობიექტი „მწყემსავს“.
თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ამაში დამნაშავე იდუმალი მეცხრე პლანეტა იყო, რომელსაც მათ მეცხრე პლანეტა (პლანეტა X) უწოდეს.
თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, გრავიტაციული ძალა შეიძლება პირველადი შავი ხვრელისგან მოდიოდეს — ეს გახლავთ პატარა შავი ხვრელის ტიპი, რომლიც მეცნიერთა აზრით, დიდი აფეთქების დროს წარმოიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველად შავ ხვრელთა არსებობა ჯერ დადასტურებული არ არის, ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ სამყარო ამ ობიექტებით არის გადაჭედილი. ზოგიერთ მკვლევარს კი მიაჩნია, რომ შესაძლოა, სწორედ ისინი შეადგენენ სამყაროს 80 პროცენტს, რომელსაც ვერ ვხედავთ. ეს ნაწილი ბნელი მატერიის სახელით არის ცნობილი და მისი არსებობა დასტურდება იმ გრავიტაციული გავლენით, რომელსაც ის სამყაროს დანარჩენ ობიექტებზე ახდენს.
რეზენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე გამოქვეყნებული პირველადი კვლევის მიხედვით, მეცხრე პლანეტა სინამდვილეში შესაძლოა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი უძველესი შავი ხვრელი იყოს. ამ იდუმალი ობიექტის საპოვნელად მეცნიერები ახალ გზას გვთავაზობენ.
„როდესაც ფიქრს იწყებ უფრო ეგზოტიკურ ობიექტებზე, მაგალითად, პირველად შავ ხვრელებზე, ფიქრობ სხვადასხვა გზებით. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ხილული სინათლის გზით ძებნის ნაცვლად, ეს ობიექტი უნდა ვეძებოთ გამა გამოსხივებაში ან კოსმოსურ სხივებშიც“, — ამბობს Gizmodo-სთან საუბრისას კვლევის თანაავტორი, ფიზიკოსი ჯეიმს უინვინი.
მეცხრე პლანეტა კარგად ხსნის შორეულ ობიექტთა უცნაურ ორბიტებს
მზის სისტემის განაპირა ზონები სავსეა ათასობით პატარა ყინულოვანი სხეულით; ამ რეგიონს ასტრონომები კოიპერის სარტყელს უწოდებენ. ამ ობიექტებიდან ექვსს საკმაოდ უცნაური ორბიტა აქვს, რაც მიუთითებს, რომ მათ გრავიტაციის რაღაც უცნობი წყარო ექაჩება.
2016 წელს სიმულაციებმა და მათემატიკურმა მოდელებმა მიუთითა, რომ ამაში დამნაშავე შეიძლება იყოს იდუმალი შორეული პლანეტა, რომელიც არასოდეს გვინახავს — მეცხრე პლანეტა.
კვლევის ფარგლებში, პლანეტრუმა მეცნიერებმა, კონსტანტინ ბატიგინმა და მაიკლ ბრაუნმა გამოიანგარიშეს, რომ გრავიტაციული ძალიდან გამომდინარე, მეცხრე პლანეტას ათი დედამიწის მასა უნდა ჰქონდეს.
იდუმალი სხეული მზის გარშემო საშუალოდ 20-ჯერ უფრო შორიდან უნდა მოძრაობდეს, ვიდრე ნეპტუნი, დაახლოებით 30 მილიარდი კილომეტრიდან. მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის მას 10 000-20 000 წელიწადი უნდა სჭირდებოდეს. შედარებისათვის, პლუტონს ამისათვის 248 წელი სჭირდება.
ბატიგინისა და ბრაუნის აზრით, მეცხრე პლანეტა უნდა წარმოქმნილიყო გაზის გიგანტების — იუპიტერის, სატურნისა და ნეპტუნის მსგავსად, ანუ, არსებობა დაეწყო ყინულის ბირთვის სახით, რომელმაც შემდეგ შემოიკრიბა გაზი გარშემო.
მათივე მოსაზრებთ, მეცხრე პლანეტა შეიძლება იუპიტერისა და სატურნის სიახლოვეს დაიბადა, მაგრამ შემდეგ მზის სისტემის კიდეებზე გაიტყორცნა, სადაც ის ექსცენტრიულ ორბიტაზე მოძრაობს და გავლენას ახდენს კოიპერის სარტყლის ობიექტებზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს იდუმალი ობიექტი მზის სისტემის ამ ვრცელ რეგიონზე ასეთ მძლავრ გრავიტაციულ გავლენას ახდენს, ბატიგინი მას მზის სისტემის პლანეტების პლანეტას უწოდებს.
მეცხრე პლანეტის ნაცვლად, შეიძლება საქმე გვქონდეს პირველად შავ ხვრელთან
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეისწავლეს კოპიერის სარტყელში უცნაური ორბიტის მქონე ექვსი ობიექტის მონაცემები; გარდა ამისა, ასევე შეისწავლეს ბოლო მონაცემები მზის სისტემაში შემომავალი სინათლის შესახებ, რომელიც გამრუდებული ჩანს რაღაც უხილავი ობიექტის გამო.
სავარაუდოდ, ორივე ეს უცნაური ფენომენი განპირობებულია რაღაც უცნობი ობიექტებით, რომლებსაც ერთნაირი მასა უნდა ჰქონდეთ. კვლევის მიხედვით, ორივე შემთხვევაში, დამნაშავე შეიძლება პირველადი შავი ხვრელი იყოს. შესაძლოა, ეს იყოს ბოულინგის ბურთის ზომის პირველადი შავი ხვრელი, რომელსაც 10 დედამიწის მასა აქვს ან რამდენიმე პირველადი შავი ხვრელი ჯამში იგივე მასით.
მკვლევრები ასევე უშვებენ, რომ სინათლის გამრუდების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს მზის სისტემის გარეთ თავისუფლად მონავარდე პლანეტების მჭიდრო ჯგუფი; მეცხრე პლანეტა კი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ჩვენმა მზემ დაიჭირა.
როგორც ბატიგინმა Gizmodo-ს განუცხადა, მეცხრე პლანეტა სინამდვილეში შეიძლება იყოს შესაბამისი მასის მქონე დაბალი ხილვადობის ობიექტი. მათ შორის, ის არ გამორიცხავს ციცქნა შავ ხვრელს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოვნა წარმოუდგენლად რთული იქნება.
ახალი კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ შემდგომი დაკვირვებები აუცილებლად გაარკვევს, ეს იდუმალი ობიექტი პლანეტაა თუ შავი ხვრელი.
გამომდინარე აქედან, ჯგუფს მიაჩნია, რომ მეცხრე პლანეტაზე ნადირობაში მხედველობაში აუცილებლად უნდა მივიღოთ რენტგენული სხივების, გამა-გამოსხივებისა და რადიაციის სხვა ტიპების მოძრავი წყაროც, რადგან მათი დაფიქსირება შეიძლება, სწორედ შავი ხვრელის არსებობის ნიშანი იყოს.
მომზადებულია Gizmodo-სა და Business Insider-ის მიხედვით.