უკვე რამდენიმე წელიწადია, რადიოტელესკოპები რაღაც საიდუმლო სიგნალებს აფიქსირებენ. ერთჯერად ნათებებს, რომლებიც რადიოსიხშირეში იმდენად მძლავრია, რომ ნახევარ მილიარდ მზეს უდრის; ეს მყისიერი ანთებები სულ რამდენიმე მილიწამს გრძელდება. ახლახან, პირველად ისტორიაში, ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, საიდან მოვიდა ერთ-ერთი ასეთი სწრაფი რადიოსიგნალი (FRB).
სწრაფი რადიოსიგნალები პირველად 2007 წელს დააფიქსირეს და მისი წარმოშობის ადგილის გარკვევას ასტრონომები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობდნენ.
სიგნალს ოფიციალურ სახელად FRB 180924 უწოდეს (აღმოჩენის თარიღის მიხედვით) და როგორც ირკვევა, ის სათავეს იღებს ჩვენგან 3,6 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე, დაახლოებით ირმის ნახტომის ზომის გალაქტიკის გარე მისადგომებიდან.
წარმოშობის ადგილის განსაზღვრამ შესაძლოა, გვაპოვნინოს პასუხი კითხვაზე, თუ რა იწვევს ამ ერთჯერად სიგნალებს.
აღსანიშნავია, რომ ეს მეორე სწრაფი რადიოსიგნალია, რომლის წარმოშობის ადგილიც მეცნიერებმა გაარკვიეს. პირველი, ასეთი სიგნალი, სახელად FRB 121102 სრულიად სხვა შემთხვევაა, რადგან მისი ანთებები დროგამოშვებით მეორდება. სწორედ ამ განმეორებითი ხასიათის წყალობით, ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ ის მოდიოდა ჩვენგან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა გალაქტიკის ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონიდან.
თუმცა, ერთჯერადი ანთებების პროგნოზირება შეუძლებელია და ურთულესია, მათი წარმოშობის ადგილის დადგენაც.
მიუხედავად ამისა, ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ეს მაინც შეძლო. ამისათვის მათ ავსტრალიაში განთავსებულ მოწინავე რადიოტელესკოპთა წყება ASKAP გამოიყენეს.
ASKAP-ს ცაში წამში 10 ტრილიონი გაზომვის ჩატარება შეუძლია და შესაბამისად, ძალუძს კიდევ უფრო მეტი სწრაფი რადიოსიგნალის (FRB) დაფიქსირება.
აღსანიშნავია, რომ სწრაფ რადიოსიგნალებს ასტრონომები ფაქტის შემდეგ პოულობენ, ტელესკოპთა მიერ ჩაწერილ მილიარდობით სიგნალს შორის.
ამჯერად, მეცნიერებს გაუმართლათ.
როგორც ასტროფიზიკოსი ადამ დელერი აღნიშნავს, დაახლოებით სამ წამში მათ გააცნობიერეს, რომ ტელესკოპთან სწრაფმა რადიოსიგნალმა გაიარა და თეფშზე დაცემული სიგნალის უკანასკნელი წამების შენახვაც მოასწრეს.
დროის იმ მონაკვეთში, როცა სიგნალი ASKAP-ის 36 თეფშს დაეცა, საუბარია წამის მემილიარდედებზე, ჯგუფმა FRB-ს წარმოშობის ადგილის ორგანზომილებიან სივრცეში განსაზღვრა შეძლო.
ამის შემდეგ, მესამე განზომილების, ანუ მანძილის გამოსათვლელად საქმეში ჩართეს მსოფლიოს უმძლავრესი ოპტიკური ტელესკოპები — ჯემინი, კეკი და VLT.
შედეგი საოცარი აღმოჩნდა. სიგნალი სათავეს იღებს დაახლოებით ირმის ნახტომის ზომის მასიური გალაქტიკის ცენტრიდან 13 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე რეგიონიდან. საოცარი ის არის, რომ ამ გალაქტიკაში ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნა უკვე აღარ მიმდინარეობს.
ამ ყველაფერს ფოტოზე ხედავთ. ლურჯი და ყვითელი ობიექტი თავად გალაქტიკაა, შავი წრე კი სიგნალ FRB 180924-ის წარმოშობის ადგილი. ეს შემთხვევა სრულიად საპირისპიროა FRB 121102-ისა, რომელიც ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესში მყოფი ჯუჯა გალაქტიკიდან მოდის.
ასტროფიზიკოს ადამ დელერის განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სწრაფ რადიოსიგნალთა წარმოქმნა შესაძლებელია სხვადასხვა გარემოში. მაგალითად, ძლიერ უნდა განსხვავდებოდეს ASKAP-ის მიერ დაფიქსირებული სიგნალისა და 2012 წელს დაფიქსირებითი განმეორებადი სიგნალის წარმოქმნის მექანიზმები.
FRB 121102-ის უახლესი კვლევა მიუთითებს, რომ მისი წყარო ნეიტრონული ვარსკვლავია; სხვა ჰიპოთეზების მიხედვით კი ეს შეიძლება იყოს შავი ხვრელი, პულსარი კომპანიონი ვარსკვლავით, აფეთქებული პულსარი, ბლიცარის სახელით ცნობილი ვარსკვლავის ტიპი, გამა-გამოსხივების აფეთქებებთან კავშირი (რასაც წარმოქმნის ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება) ან მაგნეტარები.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთმანეთისგან მხოლოდ ორი ეს წყნარი გალაქტიკა როდი განსხვავდება. სხვადასხვანაირია თავად სიგნალებიც.
FRB 121102-ის ელექტრომაგნიტური სიგნალი თითქმის მთლიანად დაკლაკნილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწისკენ მომავალ გზაზე მან ძლიერ მაგნიტურ ველში გაიარა.
FRB 180924 კი დაკლაკნილი არ არის და FRB 121102 ანთებაზე გაცილებით ძლიერია.
ასტროინჟინერ კეით ბანისტერის განცხადებით, 121102-ს კარგად ერგება ახალგაზრდა მაგნეტარის მოდელს, მაგრამ ახალი სიგნალის წყაროს გარკვევა გაცილებით რთულია, მით უმეტეს, რომ მოდის გალაქტიკიდან, რომელშიც არც ისე ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავია.
იმის გასარკვევად საუკეთესო გზაა კიდევ ბევრი ასეთი რადიოსიგნალის დაფიქსირება.
რას მოგვიტანს ეს ყველაფერი? გვეტყვის ახალ ცნობებს არა მხოლოდ თავად ამ რადიოსიგნალთა შესახებ, არამედ მთელი სამყაროს შესახებ, რადგან თან მოაქვთ ინფორმაცია იმ წარმოუდგენლად დიდი გზის შესახებ, რომელიც ჩვენამდე მოსაღწევად გამოიარეს.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.