IDFI-ში ვარაუდობენ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფარული მასალები 2014-2021 წლების ჩანაწერებს მოიცავს
IDFI-ში ვარაუდობენ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფარული მასალები 2014-2021 წლების ჩანაწერებს მოიცავს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში განთავსდა და მედიას გაეგზავნა მოცულობითი დოკუმენტური მასალა, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათ შორის, ფარული თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით არის შექმნილი.

IDFI-მ შეისწავლა გამჟღავნებული მასალების სისტემური მახასიათებლები, მოცულობა, პერიოდი, სამიზნე სუბიექტთა კატეგორიზაცია და ინფორმაციის მრავალფეროვნება. გარკვეული მონაცემები შემთხვევითობის პრინციპით შედარდა ღია წყაროებით მოძიებულ ინფორმაციას.

ჩვენი დაკვირვების შედეგები მიუთითებს, რომ: გავრცელებულია დიდი მოცულობის, სავარაუდოდ 2014-2021 წლებში შექმნილი მასალა, რომელიც განსაკუთრებით სენსიტიურ ინფორმაციას შეიცავს; მასალები მაღალი ალბათობით არ არის ფალსიფიცირებული; მასალები მაღალი ალბათობით დამუშავებული სუს-ის მიერ; მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი სავარაუდოდ მოპოვებულია უკანონოდ; მასალები სავარაუდოდ მიუთითებს უკანონო მიყურადების სისტემურობაზე“, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

ასევე, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 14 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. მალევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოხატა. გავრცელებული დოკუმენტები ამ დრომდე ვებგვერდზეა განთავსებული.

„თუ ეს დოკუმენტები ავთენტურია, ამ მასალებზე საჯარო წვდომის მყისიერი შეზღუდვა აუცილებელია ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დასაცავად.

​საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, არის თუ არა გავრცელებული მასალები ავთენტური. ამ საკითხის გამოძიება არ მოითხოვს განსაკუთრებულ დროსა და რესურსს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოხატა. ამ ფაქტის გამოძიების დაყოვნება არსებითად დააზარალებს ადამიანის ძირითად უფლებებსა და საჯარო ინტერესებს.  ამასთან, პროკურატურას უნდა ესმოდეს, რომ გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი პირების/ინსტიტუტების ჩართვა კრიტიკულად აუცილებელია გამოძიების ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად.

ამავე დროს საქართველოს პარლამენტმა უნდა გაიაზროს ვითარების სიმწვავე. მხოლოდ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას ვერ ექნება სათანადო საზოგადოებრივი ნდობა. პარლამენტმა უნდა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და ჩაერიოს გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლაში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სავარაუდოდ, იკვეთება სისტემური უკანონო თვალთვალის ნიშნები.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფო წესით გამოიკვლიოს გავრცელებული მასალების ავთენტურობა და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია; მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და უზრუნველყოს გავრცელებული მასალების წაშლა/წვდომის შეზღუდვა; გამოძიების პროცესში უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობა.

მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ შექმნას საგამოძიებო კომისია. კომისიამ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური თვალთვალის კანონირებისა და მასში მაღალი თანამდებობის პირთა ჩართულობის საკითხი.

მოვუწოდებთ მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, გავრცელებული მასალები გააშუქონ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების სრული დაცვით. მასალები უნდა გავრცელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რასაც ღირებული საჯარო ინტერესი მოითხოვს. გაშუქებისას დაცულ უნდა იქნას ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება“, – აღნიშნულია IDFI-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.