შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 28-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა.
ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს რექტორმა კახა შენგელიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.
თამარ მახარაშვილის განცხადებით, IBSU ერთ-ერთი უძველესი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც აქვს თავისი გამორჩეული ნიშა და ადგილი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.
„ვულოცავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს კიდევ ერთი ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ წინ. ძალიან მომწონს ტრადიცია, როცა ყოველ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტი აფასებს აკადემიური პერსონალის ღვაწლს და საუკეთესოებს გამოყოფს. გისურვებთ ამ არაჩვეულებრივი ტრადიციის გაგრძელებას და კიდევ ბევრი სიახლისა და ტრადიციის დანერგვას უნივერსიტეტში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რექტორის განცხადებით, IBSU-ს ტრადიცია გაგრძელდება და კიდევ ბევრი სიახლე და ტრადიცია დაინერგება.
„დღეს იყო გასაოცარი დღე IBSU-ში. ოფიციალურად დავიწყეთ სასწავლო პროცესი და გვესტუმრა ძალინ დიდი სტუმარი, ჩვენი განათლების მინისტრის მოადგილე. IBSU-ში სასწავლო წელმა უკვე ოფიციალურად აიღო სტარტი. თუმცაღა, სწავლება უკვე დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ეს იყო ჩვენი IBSU-ს დიდხნიანი ტრადიცია, რომელსაც გავაგრძელებთ და უფრო ლამაზს გავხდით მომავალში“, – განაცხადა რექტორმა.
უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორმა საპატიო ემერიტუსის წოდება გადასცა IBSU-ს აფილირებულ პროფესორს, ნათელა დოღონაძეს, რომელიც 200-ზე მეტი პუბლიკაციისა და 14 წიგნის ავტორია.
განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, დააჯილდოვა 2022-2023 აკადემიური წლის ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები, ეკონომიკის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, აზერ დილანჩიევი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა დევიძე, აფილირებული პროფესორი, ნიკა ჩიტაძე, ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, დალი ოსეფაშვილი და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, აფილირებული პროფესორი, ეკა ფიფია.
ასევე, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებზე სტუდენტების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მენტორები, აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ირაკლი ხვთისიაშვილი, პროფესორი დავით გეფერიძე, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი გიორგი მანდარია და უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ინგა ტყემალაძე.