იაპონიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კურილის კუნძულების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა აუცილებელია
იაპონიის პრემიერ-მინისტრი, იოშიჰიდე სუგა კურილის კუნძულების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას აუცილებლად მიიჩნევს.
იაპონიის მთავრობის ხელმძღვანელმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჩრდილოეთ ტერიტორიების საკითხი მომდევნო თაობას არ უნდა გადაეცეს და ამ მიმართულებით საბოლოო წერტილის დასმაა საჭირო.
იოშიჰიდე სუგას თქმით, რუსეთთან მიმართებით იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს პოლიტიკა გაგრძელდება.
„ჩვენ მოლაპარაკებებს წინ წავწევთ, ორ ქვეყანას შორის წინა შეთანხმებებზე დაყრდნობით. მთავრობა ცდილობს, განავითაროს იაპონურ-რუსული ურთიერთობების მთელი კომპლექსი, მათ შორისაა სამშვიდობო ხელშეკრულების დადება“, – აღნიშნა სუგამ.
კურილის კუნძულების მთელი არქიპელაგი ყოფილ საბჭოთა კავშირს 1945 წელს გადაეცა. კურილის კუნძულებს იაპონია ოკუპირებულად მიიჩნევს.