მამუკა ბახტაძეს ტოკიოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა
მამუკა ბახტაძეს ტოკიოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.

მამუკა ბახტაძეს ტარო კონომ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის განვითარებას და აღინიშნა, რომ მამუკა ბახტაძის ვიზიტი იაპონიაში ორმხრივი ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იაპონიის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების კუთხით, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.

აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმება.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილისში მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შესანიშნავი საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან თბილისში ჩემი ვიზიტისას და იმედი მაქვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იაპონიაში ასევე ნაყოფიერი იქნება. ვაფასებთ მისი აღმატებულების სტუმრობას ჩვენს ქვეყანაში. ველოდებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას“, – განაცხადა ტარო კონომ.

საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.

„ჩვენთვის – იაპონიისა და საქართველოსთვის – ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობაა. ჩვენს ერებს შორის არსებული კარგი დამოკიდებულება შესანიშნავ წინაპირობად მიმაჩნია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ასევე, ვისურვებდით მეტი იაპონელი მეგობარი გვეხილა საქართველოში და მეტი ბიზნესკავშირები დამყარებულიყო ჩვენს ორ ერს შორის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრის დასასრულს მამუკა ბახტაძემ საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური, მაღალი დონის შეხვედრებთან ერთად, საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმსა და გამოფენას – „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გახსნის.