იაპონიის ხომალდი მთვარის ორბიტაზე გავიდა და მალე ზედაპირზე დაჯდომას შეეცდება — #1tvმეცნიერება
იაპონიის კოსმოსური ზონდი SLIM-ი მთვარის ორბიტაზე შევიდა და მის ზედაპირზე დასაჯდომად ემზადება, რასაც 2024 წლის იანვარში შეეცდება.
აპარატ SLIM-ს ზედმეტსახელად „მთვარის სნაიპერს“ უწოდებენ, რადგან შეუძლია მთვარის ზედაპირზე შერჩეულ კონკრეტულ სამიზნესთან 100 მეტრის რადიუსში დაჯდეს.
წარმატების შემთხვევაში, იაპონია მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარეზე ხომალდი დასვა — აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ.
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) განცხადებით, SLIM-ი მთვარის ორბიტაზე 25 დეკემბერს გავიდა.
„ტრაექტორია ისეთია, როგორც დაგეგმილი იყო და რაიმე ხარვეზი არ ფიქსირდება“, — წერს სააგენტო.
ხომალდი მთვარის ზედაპირისკენ 20 იანვარს ჩაეშვება და თუ ყველაფერი წავიდა, ზედაპირზე 20 წუთის შემდეგ დაჯდება. ზონდი რაკეტა H-IIA-ით სექტემბერში გაუშვეს.
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მისია მთვარის ზედაპირზე უპრეცედენტო სიზუსტით დაჯდება.
ხომალდი აღჭურვილია სფერული ზონდით, რომელიც სათამაშოების კომპანიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. ის ჩოგბურთის ბურთზე ოდნავ დიდია და მთვარის ზედაპირზე მოძრაობისას ფორმის შეცვლა შეუძლია.
წინა ზონდებისგან განსხვავებით, რომლებიც მთვარეზე სამიზნიდან 10 კილომეტრის რადიუსში დაეშვნენ, SLIM-ი სულ რაღაც 100 მეტრის რადიუსში დაჯდება; სიზუსტის ასეთი დონე ერთ დროს შეუძლებლად მიიჩნეოდა და წარმოადგენს მკვლევართა 20-წლიანი მუშაობის ნამდვილ ტრიუმფს.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მთვარის ისეთი სამიზნეების ზუსტად დაფიქსირებაზე, როგორებიცაა კრატერები და სხვადასხვა ქანი.
იაპონელ მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი ზონდი გაამარტივებს მთვარის გაყინული გრუნტის ნიმუშების აღებას, რაც ხელს შეუწყობს მთვარის წყლის რესურსების შეფასებას.
აღსანიშნავია, რომ კრახი განიცადა წინა ორმა იაპონურმა მისიამ, ერთმა კერძომ და ერთმა სახელმწიფომ.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.