იაპონიის ერთი კუნძული ისე გაქრა, რომ ვერავინ შენიშნა
იაპონიის ერთი კუნძული ისე გაქრა, რომ ვერავინ შენიშნა

შესაძლოა, არასდროს არაფერი გსმენიათ იაპონიის პატარა კუნძულ ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმას შესახებ, მაგრამ მსოფლიო მედიაში მისი სახელი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ის ოკეანეში გაუჩინარდა. თანაც ისე, რომ მისი გაქრობა არავის შეუნიშნავს.

სავარაუდოდ, კუნძული წყალქვეშ ქარისა და მოტივტივე ყინულების გამო ჩაიძირა. 1987 წლის მონაცემებით, კუნძული ზღვის დონიდან 1,4 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზომიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ამ კუნძულის რაიმე მიზნით გამოყენება, მისი მნიშვნელობა ზომას ნამდვილად სცდებოდა. საქმე ის არის, რომ გაქრობამდე, ეს კუნძული აღნიშნავდა იაპონია-რუსეთის სადავო კურილის კუნძულების დასავლეთ კიდეს.

გამომდინარე აქედან, იაპონიის ტერიტორია ახლა დაახლოებით ნახევარი კილომეტრით შემცირდა. ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმა კუნძულ ჰოკაიდოს სანაპიროსთან, სოფელ სურუფუცუდან 500 მეტრში მდებარეობდა.

The Guardian-ის ცნობით, ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმას გაქრობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოფელ სურუფუცუს იაპონელი მწერალი ჰიროში შიმიძუ ესტუმრა, რომელიც წიგნს წერს იაპონიის „დამალული“ კუნძულების შესახებ.

ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმა ერთადრთი კუნძული არ არის, რომელიც წელს ზღვამ გადაყლაპა. გასულ თვეში იგივე ბედი ეწია ჰავაის არქიპელაგის აღმოსავლეთის კუნძულს.

ჰავაის შემთხვევაში, გაქრობა მძვინვარე ქარიშხალ ვალაკას მიერ გამოწვეულმა ზღვის დონის რყევამ განაპირობა, ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმას გაუჩინარების მიზეზი კი ბუნებრივი ეროზიის ძალაა.

ადგილის მონახულებას გეგმავს იაპონიის სანაპირო დაცვა, რათა კუნძულის გაქრობა ოფიციალურად დაადასტუროს.

ეს კუნძული ერთ-ერთი იყო იმ 158-დან, რომლებსაც იაპონიამ 2014 წელს ოფიციალური სახელები უწოდა. მსგავსი ნაბიჯი მანამდე რუსეთმა გადადგა. ამ კუნძულებზე ორ ქვეყანას შორის წლებია, დავა მიმდინარეობს. ისინი იქ ღირებულ ბუნებრივ რესურსებს ეძებენ.

ესანბე-ჰანაკიტა-კოჯიმა განსაკუთრებული დავის საგანი არ ყოფილა, მაგრამ წარმოადგენდა მნიშვნელოვან მარკერს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კუნძულისთვის სახელის მინიჭება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი ძლიერი მოქცევის დროს ის მაინც წყლის ხაზს მაღლა რჩება. შესაბამისად, იაპონიას შესაძლოა, საზღვრების გადახედვა მოუხდეს.

ამ დროისათვის, კურილის კუნძულები, რომელსაც იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს უწოდებს, რუსეთის იურისდიქციის ქვეშაა. ეს კუნძულები ოხოტის ზღვას წყნარი ოკეანისგან გამოყოფს.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის მატება მრავალ შორეულ კუნძულს საფრთხის ქვეშ აყენებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტულ რეგიონს უშუალო საფრთხე არ ემუქრება.

კიდევ ერთი საფრთხეა ქარი და ტალღები. მეცნიერები ხმამაღლა საუბრობენ შტორმებისა და ეროზიისგან გამოწვეულ იმ საფრთხეებზე, რომლებიც ბარიერულ კუნძულებს ემუქრება. ასეთი კუნძულები ხმელეთის ძირითადი ნაწილების სანაპიროებს მნიშვნელოვნად იცავენ ამინდით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისგან.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.