შვედეთში იმდენად ცხელა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთა თანდათან დაბლდება
შვედეთში იმდენად ცხელა, რომ ქვეყნის უმაღლესი მთა თანდათან დაბლდება

კებნეკაისეს მასივის სამხრეთ მწვერვალი შვედეთის უმაღლესი მთაა. მაგრამ შესაძლოა, მან ეს ტიტული დიდხანს ვეღარ შეინარჩუნოს — განსაკუთრებულად ცხელი კვირის შემდეგ, მთამ დაპატარავება დაიწყო.

სინამდვილეში, მყინვარით დაფარული სამხრეთის მწვერვალი შესაძლოა, უკვე ჩრდილოეთის კლდოვან მწვრვალზე დაბალია. მიზეზი ის არის, რომ თვეზე ნაკლებ პერიოდში, მთის წვერზე ოთხი მეტრის სისქეზე გადნა თოვლისა და ყინულის საფარი. ყოველდღიურად იქ 14 სმ დნებოდა.

ამინდის ცვლილებასთან ერთად, ამ მთის სიმაღლე გამუდმებით იცვლება. თუმცა, ამ ზაფხულს ევროპაში და განსაკუთრებით შვედეთში, ტემპერატურა ძლიერ მაღალია.

ამ ქვეყნის ბევრ ნაწილში, ივლისში ცხელი ამინდის არაერთი რეკორდი დაფიქსირდა, საშუალო ტემპერატურა კი ნორმალურს 3-5 გრადუსით აღემატებოდა.

„არასოდეს მინახავს, სამხრეთ მწვერვალზე იმდენი თოვლი გამდნარიყოს, რაც ამ ზაფხულს“, — ამბობს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მკვლევარი განჰილდ ნინის როსკვისტი.

როსკვიტისა და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ 2 ივლისს, სამხრეთ მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 2101 მეტრი იყო, 31 ივლისისთვის კი ეს მაჩვენებელი 2097 მეტრს შეადგენდა.

ამასობაში, ჩრდილოეთ მწვერვალი, რომელსაც ყინულის საფარი არ გააჩნია, ზღვის დონიდან 2 096,8 მეტრზე იყო აღმართული. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბოლო გაზომვის შემდეგ ეს 20-სანტიმეტრიანი სხვაობა წარსულს ჩაბარდა.

მწვერვალების სიმაღლეს დიფერენციალური GPS სისტემის (DGPS) გამოყენებით ზომავენ.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტემპერატურული რეკორდების დაფიქსირების კვალდაკვალ, სკანდინავია განსაკუთრებით მტკიცე მაღალი წნევის ანომალიის ქვეშ იმყოფება. მკვლევართა აზრით, ამ კონკრეტულ პაპანაქებას ორჯერ აძლიერებს ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილებების ეფექტები.

გარდა ამისა, ცხელი და მშრალი ამინდები შვედეთსა და სხვა ქვეყნებში ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ხდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ფენომენი ერთადერთი როდია. პლანეტის გათბობასთან ერთად, ყოველწლიურად ფიქსირდება ახალ-ახალი რეკორდები. მიზეზი რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ამინდის უკიდურესობებია. თავის მხრივ, კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანთა საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში სათბურის გაზების დონის მატებით.

ზაფხულის ბოლოს, როდესაც დნობის სეზონი დასრულდება, მეცნიერები კებნეკაისეს მთის სიმაღლის გაზომვას კვლავ გეგმავენ. არ არის გამორიცხული, ამ მთამ სამუდამოდ დაკარგოს შვედეთის უმაღლესი წერტილის ტიტული.

მომზადებულია su.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.