იაპონიაში საქართველოს ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა, მატარებლის მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია
იაპონიაში საქართველოს ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა, მატარებლის მოძრაობა ამ დრომდე შეჩერებულია

იაპონიაში საქართველოს ელჩი დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდა.

თეიმურაზ ლეჟავამ ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტო „ტვიტერით“ გაავრცელა. როგორც დიპლომატი წერს, სტიქიის გამო მატარებელი გაჩერებულია და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს ელჩი მატარებლის დატოვებას. სატელეფონო და ინტერნეტკავშირი ხელმისაწვდომია.

„ვისურვებდი, რომ უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე, ხოლო პრიორიტეტული იყოს ის რაიონები, რომლებიც დაზარალდა და საჭიროებენ დახმარებას“, – წერს ლეჟავა „ტვიტერის“ გვერდზე.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახური არ გამორიცხავს, რომ მიწისძვრა მომდევნო საათებში კვლავ განმეორდეს. ამასთან, იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბირთვულ ობიექტებზე ინციდენტები არ მომხდარა.

ცნობისთვის, დღეს იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც 50-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ამ ეტაპზე საგანგებო სამსახურებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ნანგრევებში სულ მცირე, ექვსი ადამიანია მოყოლილი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იუწყებიან, ბიძგების შედეგად დაზიანებულია, სულ მცირე, 30 შენობა. იშიკავას პროვინციაში გაჩნდა ძლიერი ხანძარი. საგზაო მოძრაობა ავტომაგისტრალებზე შეწყვეტილია. ასევე შეჩერდა იშიკავას პროვინციასა და ტოკიოს შორის ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე, თუმცა ამ დრომდე ზღვის პირას მხოლოდ ერთმეტრიანი ტალღები დაფიქსირდა.