იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი კეიკო მაცუი ფილარმონიაში კონცერტს მართავს
ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის კეიკო მაცუის კონცერტი მიმდინარეობს.
კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი კამოლიდინ ურინბაევის ხელმძღვანელობით.
პიანისტი პირველი კომპოზიციის შესრულების შემდეგ ქართველ მაყურებელს მიესალმა და აღნიშნა, რომ ბედნიერია საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრობით.
კონცერტის ორგანიზატორის განცხადებით, მაცუი დღეს ქართველ მსმენელს სიურპრიზს შესთავაზებს.
„მან ჩვენს ქვეყანაში წინა ჩამოსვლის შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით შექმნა ორი კომპოზიცია „შავი ლომი“ და „ჭაჭა“, რომელსაც დღეს სპეციალურად ჩვენი მაყურებლისთვის შეასრულებს”,- განაცხადა კომპანია „სოლო ლაივსთაილის“ ხელმძღვანელმა ეკა დუჩიძემ.
კეიკო მაცუი 1961 წლის 26 ივლისს ტოკიოში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლის ასაკში დაიწყო. ჰყავს საკუთარი ჯაზბენდი და არის 20-ზე მეტი ალბომის ავტორი.