ფილარმონიის მმართველი კომპანია აბსურდულს უწოდებს ნიკა რაჭველის მოთხოვნას, რომ საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს
ფილარმონიის მმართველი კომპანია აბსურდულს უწოდებს ნიკა რაჭველის მოთხოვნას, რომ საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს

ფილარმონიის მმართველი კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთის“ წარმომადგენელი გიორგი კერესელიძე სახელმწიფო ეროვნული სიმფონიურ ორკესტრის ხელმძღვანელის ნიკა რაჭველის მოთხოვნას, საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს, აბსურდულს უწოდებს.

გიორგი კერესელიძის შეფასებით, ეს სახელმწიფოს მიერ თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) უკან წაღებას, ასევე „ინტერნეიშენალ ივენთის“ გადასახდელი თანხის დაკარგვას ნიშნავს.

„ასევე პლიუს ეს ნიშნავს, სახელმწიფომ აიყვანოს ბიუჯეტზე აღნიშნული ორგანიზაცია, დახარჯოს წელიწადში დაახლოებით 3-4 მლნ მოვლა-შენახვა-პატრონობაში, გაუკეთოს რემონტი და გადასცეს ორკესტრს. ორკესტრს, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსება აქვს რისკი საერთოდ არ აქვს, ხელფასსაც იღებენ სტაბილურად, აქვთ ექსტრა დაფინანსებები, მივლინებების თანხებიც და ეს ხალხი გველაპარაკება ჩაგრულის პოზიციიდან. თურმე, 16 მილიონიან დარბაზსაც უშენებენ და ამდენი ხანი პროექტიც არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა კერესელიძემ.

მისი შეფასებით, ორკესტრისთვის ფილარმონიის გადაცემა არასამართლიანი იქნება.

„ჩვენ ამხელა ვალებით სახლში გაგვიშვან და ასევე სახელმწიფომ ამხელა ვალი აიკიდოს, რომ ვიღაცამ ზედმეტი შემოსავალი იშოვოს, ამაზე წასვლა აბსურდია. ალბათ, სახელმწიფო მაგაზე წამსვლელი არ იქნება და ვერ იქნება, რადგან არასწორია“, – განაცხადა კერესელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან „ინტერნეიშენალ ივენთთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში პროცესი სამართლებრივ ჭრილში გაგრძელდება.

„აუცილებლად სამართლებრივ ჭრილში გადავალთ. სანამ საქმე სამართლებრივად არ დასრულდება, ეს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევა. ამიტომ სახელმწიფოც დილემის წინაშე დადგება. ეჭვი მეპარება, ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან ეს ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა იქნება და არა ეკონომიკური. ამ შემთხვევაში, თანხას ვერ მიიღებს, რა თქმა უნდა, ამ დავაში კომპენსაციას მოვითხოვ და არავინ იცის, როგორ გადაწყდება“, – განაცხადა კერესელიძემ.

მისივე შეფასებით, ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო წაგებული დარჩება.

კერესელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია რისკები კარგად აწონ-დაწონოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

„არასდროს მითქვამს უარი, რომ ეს დავალიანება არ არსებობს და მინდა, სამართლიანად მოხდეს ამ საკითხის განხილვა და რეალური გადწყვეტილება იყოს მიღებული“, – განაცხადა კერესელიძემ.

ნიკა რაჭველმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრს უნდა გადაეცეს. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.

რაც შეეხება ხელშეკრულების საკითხს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უწყება განხილვის პროცესშია.