გიორგი კერესელიძე - სპეკულაციურია განცხადება, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზი ისტორიულად სიმფონიური ორკესტრის სახლია და ჩვენ მათ სახლში არ ვაბრუნებთ
გიორგი კერესელიძე - სპეკულაციურია განცხადება, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზი ისტორიულად სიმფონიური ორკესტრის სახლია და ჩვენ მათ სახლში არ ვაბრუნებთ

განცხადება, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზი ისტორიულად სიმფონიური ორკესტრის სახლია და ჩვენ მათ სახლში არ ვაბრუნებთ, ძალიან გადამეტებული და სპეკულაციურია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მმართველი კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

„სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნას, რომ დარბაზი გადაეცეთ, ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და რაღაც სპეკულაციებსაც აქვს ადგილი. ეს დარბაზი დაარსების დღიდან განკუთვნილი იყო ყრილობებისა და კინო-საკონცერტო მიღვაწეობისთვის. რა თქმა უნდა, ამ დარბაზში მოღვაწეობდა სიმფონიური ორკესტრიც კონცერტებით, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს არის ისტორიულად ორკესტრის სახლი და ჩვენ ამ სახლში არ ვაბრუნებთ, ძალიან გადამეტებული და მართლაც სპეკულაციური განცხადებაა“, – განაცხადა კერესელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, თბილისის საკონცერტო დარბაზის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც არ აქვს.

„თუ აქ 150 კაციან კოლექტივს მუდმივად მივიღებთ, პრაქტიკულად, სხვა კონცერტის ჩასატარებელი ადგილი და დღე აღარ გვრჩება, რადგან არ გვაქვს სარეპეტიციო ფართი, სადაც ამდენ ადამიანს განვალაგებთ. მეორე  – 150 კაცის განთავსება ნაწილში, სადაც საკულისო მეურნეობაა, ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან უბრალოდ ვერ დაეტევა ამდენი ადამიანი. პლიუს ამას, მუდმივად რეპეტიციის პრობლემა შეიქმნება. აქედან გამომდინარე, სხვა რამე ღონისძიების ჩატარება აქ შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა „ინტერნეიშენალ ივენთის“ დირექტორმა.

რაც შეეხება იმას, თუ რა პროცესშია მოლაპარაკებები კომპანიასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ხელშეკრულების შესაძლო გაწყვეტის შესახებ, კერესელიძის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ უწყებასთან და საკითხი მომზადებულია.

„მიღებული წერილის შემდეგ მივწერეთ ეკონომიკის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს ჩვენი თხოვნა, რადგან ყველა წინამორბედი მინისტრები პირადად განიხილავდნენ ამ საკითხს და წერილის გამოგზავნა ისე მოხდა ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომუნიკაცია არ ყოფილა. წერილის შემდეგ დაიწყო  აქტიური განხილვა თემის. გადავედით სამუშაო რეჟიმზე, გვაგზავნინებდნენ სრულ დოკუმენტაციას, მიმდინარეობდა ჩვენი არგუმენტების შესწავლა და ახლა, როგორც ვიცი, საკითხი მომზადებულია, რომ მთავრობაზე გავიდეს და გადაიხედოს. ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენთან იყო მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, რომელსაც დაევალა ამ საკითხის მომზადება და თითქმის, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა. ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ყველაფერი უკვე გამზადებულია, აუდიტორული დასკვნები, ფინანსური დოკუმენტაცია და ა.შ. ყველაფერი მათ აქვთ უკვე გამზადებული და ველოდებით სამთავრობო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კერესელიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხი სწრაფად გადაწყდება.

„ახლა სახელმწიფოს ასეთი არჩევანი აქვს: მიიღოს ჩვენი წინადადება და გააგრძელოს ჩვენთან ურთიერთობა, გრაფიკით მიიღოს მისაღები თანხა, რაც ეკუთვნის, მომავალშიც პასუხისმგებლობა ჰქონდეს მოხსნილი დარბაზში ინვესტიციების განხორციელებისგან და დარბაზს მისცეს ბიზნესური განვითარების საშუალება. სახელმწიფოს ისედაც ძალიან ბევრი სხვა დარბაზი აქვს სარჩენი, ამიტომ ერთით მეტს კიდევ ნუ ავკიდებთ. ეს იქნება ძალიან ბევრ მილიონიანი შესანახი ობიექტი, მით უმეტეს, იმ ბიზნესგეგმით, რასაც სიმფონიური ორკესტრი სთავაზობს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს სიმფონიური ორკესტრის რჩენაც ბიუჯეტის ხარჯზე, პლიუს ამ დარბაზის რჩენაც. საერთოდ, ალბათ, ეს მიიყვანს რღვევამდე და კატასტროფამდე ქართულ შოუბიზნესს, რომლესაც ამდენი წელია სიმწრით ვავითარებდით, როგორც ბიზნესს“, – განაცხადა გიორგი კერესელიძემ.

სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკა რაჭველი ითხოვს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი ორკესტრს გადაეცეს. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წინაშე, რომ მას ჰქონდეს თავისი დარბაზი.

რაც შეეხება ფილარმონიის მართვაზე „ინტერნეიშენალ ივენთთან“  ხელშეკრულების საკითხს, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ უწყება საკითხის განხილვის პროცესშია.