იან ვან დაიკი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპი დაცული უნდა იყოს
ყველა ქვეყანაში, სადაც რეჟიმის ცვლილება ხდება, სასამართლო სისტემამ უნდა გაიაროს ტრანზიციის პერიოდი, – ამის შესახებ პროფესორმა, იან ვან დაიკმა პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ომის შემდგომ ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში, ჩემს ქვეყანაში, იყო უამრავი მოსამართლე, რომლებიც გადაცდომებით გამოირჩეოდნენ და ასეთ შემთხვევაშ, ორი გამოსავალი არსებობს. ან ყველა უნდა დაითხოვო და ახალი ხალხი აიყვანო, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდები, ან მეორე გზაა გარდამავალი სამართლიანობა, რა დროსაც აუცილებელია გადაცდომათა დადგენა, რასაც იმედია, მოჰყვება საზოგადოების შერიგება. ეს გჭირდებათ რეჟიმის ცვლილების შემდეგ. წარსულის შეცდომები უნდა დადგინდეს, მსხვერპლი უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება გააგრძელოთ თანაარსებობა“, – განაცხადა დაიკმა.
ამ განცხადებით იან ვან დაიკმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მსხვერპლთათვის და შემდეგ უკვე, მთელი საზოგადოებისთვის, რადგან უამრავი მტკიცებულებაა, რომ წინა ხელისუფლების დროს, მოსამართლეთა მსჯელობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ზოგიერთი მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულთან იყო დაკავშირებული.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა, სამართლიანობის აღსადგენად დანაშაულის გააზრება და პოლიტიკური შეფასება, იან ვან დაიკმა აღნიშნა, რომ საქართველოში წარსულის შესაფასებლად შესაბამისი ძალისხმევა არ გაწეულა, რაც ჩადენილ დანაშაულთა შესახებ სიმართლის დადგენას გულისხმობს.
„მსხვერპლ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი სათქმელი თქვან. შემდეგ, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ და საბოლოოდ, შერიგებამდე უნდა მივიდნენ. შესაძლოა, აქ სწორედ ეს არ მომხდარა და ამიტომ, წარსული მუდამ ბრუნდება უკან“, – განაცხადა დაიკმა.
პროფესორმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიისთვის მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პრინციპის დაცვა აუცილებელია. მისი თქმით, მხოლოდ უვადოდ დანიშვნის პირობებში შეიძლება, მოსამართლე დაცული იყოს, რომ თუ ის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიტანს განაჩენს, პასუხს საკუთარი კარიერით არ აგებს.
„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცედურა ყველა დემოკრატიაში აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ევროპაში ნამდვილად ასეა. ეს არის გზა, საითაც უნდა წახვიდეთ. ამაში ეჭვი არ მეპარება. დღეს, ცხადია, პრობლემა ის არის, რომ არიან მოსამართლეები, რომლებიც დიდი ხანია ამ თანამდებობას იკავებენ და მათ მიმართ არის სამართლიანი განცდა, რომ ისინი უვადოდ დანიშვნას არ იმსახურებენ, მაგრამ უვადოდ დანიშვნის პრინციპი დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა დაიკმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია უვადოდ დანიშვნის პრინციპის დაცვა არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, დაიკმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კომპრომისი გამოიძებნოს და მოსამართლეები არა უვადოდ, არამედ ხუთი, ან ათი წლით დაინიშნონ, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური იქნება.