იან კელის განცხადებით, აუცილებელია საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში
იან კელის განცხადებით, აუცილებელია საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში

აუცილებელია საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში და მისი ტრაექტორია გახდეს ჭეშმარიტად შეუცვლელი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ დღეს გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ამერიკა საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ელჩმა აშშ-ის მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სიტყვები გაიხსენა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. იან კელის განცხადებით, ზუსტად ასე დგას საკითხი საქართველოსთან მიმართებაშიც.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაფართოვდა, აუცილებელია საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში და მისი ტრაექტორია გახდეს ჭეშმარიტად შეუცვლელი. ჩვენ მრავალი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

მისი თქმით, ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცეა.

“მათ შორისაა ჩვენი მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში. ვახორციელებთ უწყვეტი დახმარების პროგრამებს და ვცდილობთ მოვიზიდოთ ამერიკული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის განსავითარებლად. გვაქვს გაცვლითი პროგრამები, 5000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, განსხვავებული თემატიკით – იქნებოდა ეს მეწარმეობა, გარემოს დაცვა, თუ პოლიტიკური ჩართულობა. ბევრ თქვენგანს, ვინც ახლა ამ დარბაზში იმყოფებით, გქონიათ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა იან კელიმ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სხვა პარტნიორები – ევროპის კავშირი და მისი წევრი ქვეყნები, საქართველოსთან მიმართებაში ამავე მიზნებსა და ამოცანებს იზიარებენ.