იან კელი - ვიხილე საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით ღიად და გამჭვირვალედ იქნა მიჩნეული
მე თავად ვიხილე საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ღიად და გამჭვირვალედ იქნა მიჩნეული, – აღნიშნულის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომელიც მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
ელჩმა საქართველოში მისი მუშაობის სამი წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ჩამოსვლიდან პირველივე თვეებში, მეგობრული ურთიერთობები დაამყარა აქტიურ ლიდერებთან.
“ჩამოსვლიდან პირველი თვეების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები დავამყარე აქტიურ ლიდერებთან: პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილთან, იმ დროს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და ბევრ სხვასთან, მათ შორის არიან ეკლესიის წინამძღოლები, სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტები და გამოჩენილი ჟურნალისტები. მე შევხვდი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, ადამიანს, რომლის როლი აღემატება პოლიტიკას და განასახიერებს ეროვნულ სულს“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ყველა ამ პირს ერთი რამ ჰქონდა საერთო – ქვეყნის სიყვარული და მისი წინსვლის ერთგულება.
როგორც იან კელიმ აღნიშნა, დაძაბული და უთანხმოების გამომწვევი პოლიტიკური ატმოსფეროს მიუხედავად, ერთი რამეა, რაზედაც ყველა ის ადამიანი თანხმდება, რომელსაც შეხვედრია – საქართველოს მომავალი დასავლეთთანაა.
„გადავავლებ რა თვალს აქ გატარებულ სამ წელს, საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ბევრ მნიშვნელოვან ამოსავალ ორიენტირს ვხედავ: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიცირება, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღება და სხვა“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
მისი თქმით, მან თავად იხილა საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ღიად და გამჭვირვალედ იქნა მიჩნეული.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ელჩის გამოსვლის ტექსტს საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური ავრცელებს.
იან კელი დიპლომატიურ საქმიანობას და, შესაბამისად, საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას მარტის ბოლოს ასრულებს.