იან კელი - უნდა არსებობდეს პლურალისტული გარემოს შექმნის სურვილი, სადაც ყველა ძალას ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება
საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, ის ეთანხმება აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის დენიელ კოუტსის განცხადებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით.
ამასთან, იან კელიმ დენიელ კოუტსის ოპოზიციის უფლებებთან დაკავშირებული პოზიციაც შეაფასა და აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს პლურალისტული გარემოს შექმნის სურვილი, სადაც ყველა ძალას ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება.
„დავეთანხმები დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი სხვადასხვა შეთანხმებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარები უნდა გაეყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, უკვე 10 წელი გავიდა კონფლიქტის შემდგომ და მისი ჯარები კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რაც შეეხება მეორე საკითხს ამ განცხადებისა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი.
ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება და იყოს თავისუფალი მონაწილე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა. შესაბამისად, მე მჯერა, რომ საქართველო მზად არის ამისთვის.
არსებობს და უნდა არსებობდეს პოლიტიკური სურვილი რეფორმების გაგრძელების და პლურალისტული გარემოს შექმნის, სადაც ყველა ძალას ექნება მოსაზრების გამოთქმის საშუალება“, – განაცხადა იან კელიმ.
დენიელ კოუტსის ანგარიში სახელწოდებით „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“.