იან კელი - საქართველო წარმატებული რეფორმების კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა
იან კელი - საქართველო წარმატებული რეფორმების კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა

საქართველომ რეფორმები ნამდვილად წარმატებულად განახორციელა და ამ კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებლების შეკითხვებს პასუხობს.

ელჩმა წარმატებული რეფორმების მხრივ თავდაცვის სფერო გამოყო. მისი თქმით, საქართველოს არმია შედარებით მცირე ზომის, მაგრამ ძალიან ეფექტიანია.

„ყველას ვერ ჩამოვთვლი, თუმცა გამოვყოფდი თავდაცვის სფეროს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არმია შედარებით მცირე ზომისაა, ძალიან ეფექტიანია. ვაფასებთ საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში და როდესაც ვესაუბრები კოლეგებს ევროკავშირში, ნატო-ში, ისინი ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ არიან“, – განაცხადა იან კელიმ.

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების საკითხში, აღმოფხვრა კორუფცია და მოხსნა ბარიერები.

„საქართველომ ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ეს იყო ბიზნესის კეთების გამარტივება ქვეყანაში, ბარიერების მოხსნა, კორუფციის აღმოფხვრა , სწორედ ამიტომაც იყო, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველომ მე-9 ადგილზე გადაინაცვლა ბიზნესის კეთების კუთხით“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ელჩის თქმით, ქვეყანაში სასამართლო რეფორმის ნელი ტემპია, თუმცა, ამ საკითხთან მიმართებაში  არსებული პოლიტიკური ნება, მისასალმებელია.

„რაც შეეხება იმას, თუ რა უშლის ხელს, ეს არის სასამართლო რეფორმის, ასე ვთქვათ, ნელი ტემპი. ის პოლიტიკური ნება, რაც არსებობს სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ რეფორმების გატარებისა, ნამდვილად მისასალმებელია“, – განაცხადა იან კელიმ.

33-წლიანი მსახურების შემდეგ ელჩი იან კელი დიპლომატიურ კარიერას ასრულებს. დღეს ის „ფეისბუქის“ ე.წ ლაივ ჩატის მეშვეობით შეკითხვებს პასუხობს.