იან კელი - სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს პრემიერს უკვე ესაუბრა, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის უკვე შედგა საუბარი, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას, – ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვის შესახებ დასმულ კითხვას.
გარდა ამისა, იან კელიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუყოვნებლივ დაუბრუნონ.
„ჩვენ არ ვაღიარებთ ახალ საზღვრებს და არ ვაღიარებთ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას. რუსეთს ვუწოდეთ ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ თავიანთ მშობლებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ყველა ძალისხმევაში, გადაჭრას ეს საკითხი.
უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას.
ასევე ჩართული ვართ და გვაქვს კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყონებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს“, – განაცხადა იან კელიმ.
რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციებს, საქართველოში აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ უკეთესი იქნება, ორპარტიული რეზოლუცია შეიქმნას.
„ რეზოლუციის ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება მოთხოვნას, როდესაც დანაშაული არის ჩადენილი და პასუხისმგებლობა არ დამდგარა, ისევე როგორც ეს იყო ოთხოზორიას საქმეში, ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მსგავსი ტიპის დანაშაულზე აუცილებელია პასუხისმგებლობა დადგეს. ძალიან კარგია, თუ იქნება ორპარტიული ასეთი რეზოლუცია“, – განაცხადა იან კელიმ.