იაკუბ კალენსკი - რუსეთის ტელევიზიებში ყველაზე მეტ რეკლამას დასავლური კომპანიები ყიდულობენ, გამოდის, თავად ვაფინანსებთ ანტიდასავლურ პროპაგანდას
იაკუბ კალენსკი - რუსეთის ტელევიზიებში ყველაზე მეტ რეკლამას დასავლური კომპანიები ყიდულობენ, გამოდის, თავად ვაფინანსებთ ანტიდასავლურ პროპაგანდას

დეზინფორმაცია თანამდროვე ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად, დეზინფორმაციული კამპანიების საფრთხე იზრდება. მსოფლიომ ამის არაერთი მაგალითი უკვე იხილა. „ყალბი ახალი ამბები“, „ინტერნეტ ტროლები“ – ეს ის ტერმინებია, რომელიც სულ უფრო ხშირად ისმის. ევროკავშირში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად სპეციალური ჯგუფი „სტრატკომი“ უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებს. ჯგუფის წევრები გასულ კვირაში თბილისში დაესწრნენ კონფერენეციას სახელწოდებით „ყურადღება, დეზინფორმაცია“. ჩვენ შევხვდით კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილეს, „ატლანტიკური საბჭოს“ ჩეხ მკვლევარ იაკუბ კალენსკის, რომელიც ევროკავშირში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიაზე მუშაობდა. 

იაკუბ, თუ შეიძლება, გვითხარით, რა იყო ის მთავარი საკითხები, რომლებზეც კონფერენციაზე გამოსვლისას გაამახვილეთ ყურადღება?

უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელიც საქართველოში „სტრატკომის“ აღმოსავლეთის ბიუროს მიერ იყო ორგანიზებული. ეს სამუშაო ჯგუფი მოქმედებს ევროკავშირის მანდატით და მისი ამოცანა რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიასთან ბრძოლაა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის საკითხი მწვავედ დგას. სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი, რომ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ამ კამპანიის ავტორის მიზნების ანალიზი მნიშვნელოვანია. თუ საქმე გვაქვს დეზინფორმაციულ კამპანიასთან, მაშინ ცხადია, ყალბი ინფორმაცია გარკვეული მიზნით ვრცელდება. ასეთ დროს, ფაქტების გადამოწმება საკმარისი აღარ არის. აუცილებელია მიზნების გამოვლენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიაღწევთ და ეს ყველაფერი დაემსგავსება მკვლელობის გამოძიებას, ისე რომ მკვლელის დაკავება ვერ ხერხდება.

თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ რუსეთი დეზინფორმაციას აგრესიულად იყენებს. განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, დეზინფორმაციის 70 პროცენტი რუსეთიდან მოდის. გამოდის, რომ რუსეთი ყველა სხვა აქტორებთან შედარებით სამჯერ მეტ დეზინფორმაციას ავრცელებს. ეს საოცარი მაჩვენებელია.

რა იყო ის მთავარი გზავნილები, რომელიც დეზინფორმაციული კამპანიის დროს ვრცელდება საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში?

რაც უფრო აღმოსავლეთით მივდივართ, მით უფრო თვალშისაცემია, რომ დეზინფორმაციის ამოცანა აღმოსავლეთით მცხოვრები ხალხის დასაველთით მცხოვრებ ადამიანებთან გაუცხოებაა. მიზნის მისაღწევად ყველაზე ხშირად იყენებენ გზავნილს, რომელსაც საფუძვლად უდევს ყალბი თეზისი, რომ დასავლეთი არის მორალურად გაკოტრებული. მაგალითისთვის, დასავლეთიდან მოსული ჰომოსექსუალები და პედოფილები ცდილობენ ტრადიცული ღირებულებების განადგურებას. ეს არის გზავნილი, რომელიც კონსერვატიულ საზოგადოებაში, სამწუხაროდ, წარმატებით მუშაობს. თუმცა, ის ვერასდროს ჰპოვებს გამოხმაურებას ესპანეთში ან ნიდერლანდებში, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებმა იციან, რომ ეს უაზრობაა. ევროკავშირი არვის აიძულებს სექსუალური ორიენტაციის შეცვლას. ეს არავის ანაღვლებს. ევროკავშირი უბრალოდ ითხოვს ადამიანების უფლებების დაცვას და ძალდატანებით თავს არავის არაფერს ახვევს. მაგრამ ესპანეთში რუსეთმა წარმატებით გაავრცელა დეზინფორმაცია, რომელსაც ქართველების უმეტესობას სისულელედ მოეჩვენება. ეს იყო გზავნილი, რომ უკრაინელები არიან სახიფათო ნაცისტები. ერთ ქართველსაც კი არ ვიცნობ, ვინც ამას დაიჯერებს. თუმცა, დასავლეთში ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამ ამ ანკესს წამოეგება. ასე რომ, გზავნილები დამოკიდებულია აუდიტორიაზე. ისინი ცდილობენ იპოვონ ის თემები, რომლებზეც საზოგადოება მწვავედ რეაგირებს.

ასევე, მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტებიც. მაგალითად, უკვე ვიცით, რომ ინგლისურენოვან ქვეყნებში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სოციალურ ქსელებს იყენებენ. მათ შორის „ტვიტერსა“ და „ფეისბუქს“. მაგრამ, მაგალითად, ჩემს სამშობლოში, ჩეხეთში ყალბი ინფორმაციის გავრცელება უფრო წარმატებულად არის შესაძლებელი ელექტრონული ფოსტით, რომელსაც უფრო მეტად იყენებენ 50-იან წლებში დაბადებული მოქალაქეები.

თქვენ ახსენეთ ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. შეგიძლიათ, გვითხრათ, როგორ შეიძლება დეზინფორმაციასთან გამკლავება?

მე შემუშავებული მაქვს დეზინფორმაციასთან გამკლავების ოთხსაფეხურიანი გეგმა. ამ გეგმაში განსაზღვრული როლის ეკისრება როგორც მთავრობას, ისე სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო კომპანიებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელისუფლების პოზიციაზე. ვიცით, რომ ზოგიერთ სახელმწიფოში მთავრობა რუსეთის დეზინფორმაციის გავრცელებაში თავად მონაწილეობს. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. ზოგიერთი ასეთი სახელმწიფო ევროკავშირის წევრია. მაგრამ, მოდი დავუბრუნდეთ თავდაცვის გეგმას. თავდაცვის პირველი ხაზი არის საფრთხის გამოვლენა და დოკუმენტაცია. ეს აუცილებელია, რათა ზუსტად ვიცოდეთ რა სახის დეზინფორმაციასთან გვაქვს საქმე. მეორე ხაზი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მხოლოდ მონაცემების შეგროვება საკმარისი არაა. აუცილებელია, ეს მონაცემები მოქალაქეებამდე მივიტანოთ. გეგმის ამ პუნქტის შესასრულებლად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა. მხოლოდ მთავრობის აქტიურობა საკმარისი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებას შეზღუდული აუდიტორია ჰყავს. აუცილებელია, მედიამ იაქტიუროს. კარგი იქნება, თუ საქმეში ჩავრთავთ წარმატებულ და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მაგალითად „იუთუბის“ ბლოგერებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სოციალური ქსელებში საზოგადოებაზე გავლენა აქვს.

ამას მოჰყვება თავდაცვის მესამე ხაზი. ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევისწავლოთ და გავაანალიზოთ ის ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებითაც ხდება საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია. შესაძლოა, ეს მედიაგანათლების დაბალი დონე იყოს ან ეთნიკურ უმცირესობებს შორის დაძაბულობა. მაგალითად, პოლონეთი და უკრაინა ან პოლონეთი და ლიეტუვა გამოდგებიან. ასევე, რასობრივი საკითხი, რომელიც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩვენების დროს აქტუალური იყო. ასევე, სექსუალური უმცირესობების თემა. ამ ფაქიზი თემების გამოვლენის შემდეგ ჩვენ უნდა შევძლოთ დაძაბულობის განმუხტვა.

თავდაცვის მეოთხე ხაზი კი არის აგრესორის შეჩერება და დასაჯა, რასაც სამწუხაროდ დასავლეთში სათანადოდ არ ვაკეთებთ. აგრესორის წინააღმდეგ შესაძლებელია სანქციების დაწესება. უნდა დაისაჯონ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩართული ინდივიდები და ორგანიზაციებიც. ჩვენ ძალიან ცუდად ვიქცევით, როდესაც მაგალითად არ ვაწესებთ სანქციებს რუსული სააგენტო „სპუტნიკის“ წინააღმდეგ, რომელიც მუდმივადაა ჩართული დეზინფორმაციულ კამპანიაში. იმის გამო რომ „სპუტნიკის“ წინააღმდეგ სანქციები არ მოქმედებს, დასავლურ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ამ სააგენტოზე რეკლამა განათავსონ. ბევრი ასეც იქცევა. ანალოგიური სიტუაციაა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიებშიც. ყველაზე მეტ რეკლამას დასავლური კომპანიები ყიდულობენ. გამოდის, რომ ჩვენ თავად ვაფინანსებთ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ამიტომ, აუცილებელია, უფრო მეტი ვიფიქროთ აგრესორის შეჩერებაზე და განიარაღებაზე. ამისთვის არ არის აუცილებელი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. უბრალოდ, უნდა შევწყვიტოთ აგრესორის დახმარება.

და ბოლოს მინდა გკითხოთ ამერიკული მედიის შესახებ, რომელიც ბოლო წლებში პოლარიზებულია. ამავე დროს, დონალდ ტრამპი წამყვან მედიასაშუალებებს ადანაშაულებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. თქვენი აზრით, როგორც აისახება ეს იმ ქვეყნებზე, სადაც რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია აქტიურია?

რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი სამიზნე სანდო მედიასაშუალებებია. რუსეთი ცდილობს, ამ მედიასაშუალებების მიმართ უნდობლობა გააჩინოს. მაგალითად, ჩეხეთის შემთხვევაში მოსკოვის სამიზნე მთავრობასთან ერთად, აუცილებლად იქნებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიზანი მარტივია, თუ აღარ ენდობით წამყვან მედიასაშუალებებს, თქვენზე უფრი იოლად მოქმედებს დეზინფორმაცია და თქვენი კონსპირაციულ თეორიებში ჩათრევა იოლია. ისინი, ვინც მიზანმიმართულად ან უნებლიედ ცდილობენ სანდო მედიასაშუალებების მიმართ უნდობლობა გააჩინონ, ეხმარებიან რუსეთს. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი პოლიტიკოსი გვყავს, რომელიც ასე იქცევა. ამასთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია ისევ მედიის აქტიურობა. მედიას შეუძლია, საზოგადოებას დაანახოს ის ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად თუ უნებლიედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. ძალიან ხშირად, მოსკოვს დეზინფორმაციის გავრცელებაში ეხმარებიან ადგილობრივი აქტორები. თუ რუსეთის მიერ გავრცელებულ ტყუილს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსი იმეორებს, მაშინ ის ამ სიცრუის ლეგიტიმაციას ახდენს. ასეთ შემთხვევაში, ადამიანების მოტყუება უფრო იოლია. ამიტომ, ყველაფერს ნათელი უნდა მოვფინოთ და საჯაროდ დავასახელოთ ის ადამიანები, ვინც რუსეთის ინტერესებს ემსახურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გაიმარჯვებენ.