შალვა პაპუაშვილი - ევროპული სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ დეზინფორმაციას ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, რომლის მიზანი რადიკალიზმის გაღვივებაა
შალვა პაპუაშვილი - ევროპული სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ დეზინფორმაციას ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, რომლის მიზანი რადიკალიზმის გაღვივებაა

სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანი საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და რადიკალიზმის გაღვივებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეო“ ავრცელებს მძიმე დეზინფორმაციას“.

„კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელზეც უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობ და ვაფრთხილებდი დონორებს, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტის მიერ სხდომის არჩანიშვნა ხელს უშლის პარლამენტს შეკრებაში, არის დეზინფორმაცია და მიმართულია კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ეს უკვე დონორის პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ჩვენ გვესმის ამ „ენჯეოების“ დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ დღეს ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და რადიკალიზმის გაღვივებაა. სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ საქართველოში ჩამოსული რვა სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატი, რომლებმაც პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას და მათ მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ მაიდანისკენ და რასაც ვხედავთ, არის „ენჯეოების“ მიერ შესრულებული დავალება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.