„ფაინენშალ თაიმსი“ - აშშ რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მხრიდან მომდინარე ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევას წყვეტს
აშშ-ი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევას წყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვაშინგტონმა ევროპის ქვეყნებს უკვე აცნობა დეზინფორმაციასთან ერთობლივი ბრძოლის ძალისხმევიდან გადახვევის შესახებ. საუბარია რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად დადებულ შეთანხმებაზე.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპულმა ქვეყნებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან შეტყობინება გასულ კვირას მიიღეს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები წყვეტს იმ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომელსაც გასულ წელს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოეწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავდა უცხო ქვეყნების მიერ გავრცელებული მავნე ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გამოაშკარავების ერთიანი მიდგომის შემუშავებას.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებდა აშშ-ის მოწინააღმდეგეებისა და ტერორისტული ჯგუფების მიერ საზღვარგარეთ გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.