გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე ექვსი მოწმე დაიკითხა.
წინა პროცესისგან განსხვავებით, დღევანდელ სხდომას ბრალდებული იაგო ნებიერიძეც დაესწრო. ნებიერიძე გასულ სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადდა.
პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროცესზე გარდაცვლილი გოგონას მეზობლები დაიკითხნენ, რომლებმაც სასამართლოს სხვადასხვა გარემოებაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
„იაგო ნებიერიძე მონაწილეობდა საქმის მტკიცებულებების გამოკვლევაში. პროცესზე დაიკითხა დაზარალებულის უფლებამონაცვლე, რომელმაც ჩვენება მისცა და სასამართლოს დაუფიქსირა მისი პოზიცია და მოთხოვნა კონკრეტულ სისხლის სასართლის საქმეზე“, – განაცხადა პროკურორმა.
სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.
იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.