გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს 
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს 

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის მიმართ განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სხდომაზე ნებიერიძის უფლებამდამცველი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. შესაძლოა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართოს ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემაც.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ​ცხრა წლის გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები.

ცხრა წლის ნ.ბ. რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით, 34 წლის იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავეს.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.