იაგო ნებიერიძის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
იაგო ნებიერიძის ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გორში ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატი, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

დღეს, გორის რაიონულმა სასამართლომ იაგო ნებიერიძე დამნაშავედ სცნო და მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

​რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორ ნანა გუგუტიშვილის თქმით, სასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო ერთადერთი და სწორი ქმედება.

„იაგო ნებიერიძემ ბრალად შერაცხული არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ აღიარა და თავს დამნაშავედ არ სცნობდა არც ერთ წარდგენილ ბრალში. რა თქმა უნდა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ველოდით, ვინაიდან წარდგენილი გვქონდა მტკიცებულებები, ვიცოდით საქმეში რა მტკიცებულებები იყო, გამოვიკვლიეთ ყველა ეს მტკიცებულება, სასამართლოში დაიკითხა ყველა მოწმე და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი და სწორი.

წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, დნმ-ის დასკვნებით, ექსპერტების დაკითხვებით, დადასტურებულია, რომ ბავშვის სხეულზე, მისი ხელიდან აღებულ ანაწმენდებზე და ბავშვის ტანსაცმელზე იაგო ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა იყო. ასევე, ბავშვის სისხლი იყო იაგო ნებიერიძის ტანსაცმელზე. აღნიშნულით და სხვა მტკიცებულებებით მტკიცდება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ. მას საბოლოოდ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ბრალდების მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა“, – განაცხადა პროკურორმა.

ცხრა წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებულ იაგო ნებიერიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.