იაგო ხვიჩია - ორივე მხარე თავიანთი მონათხრობი ისტორიის რაღაც ნაწილს იტყუება, რადგან არც ერთ მხარეს არავინ არ უშლიდა ხელს, დოკუმენტზე ხელი ცალმხრივად მოეწერა
იაგო ხვიჩია - ორივე მხარე თავიანთი მონათხრობი ისტორიის რაღაც ნაწილს იტყუება, რადგან არც ერთ მხარეს არავინ არ უშლიდა ხელს, დოკუმენტზე ხელი ცალმხრივად მოეწერა

ორივე მხარე თავიანთი მონათხრობი ისტორიის რაღაც ნაწილს იტყუება, რადგან არც ერთ მხარეს არავინ არ უშლიდა ხელს, რომ დოკუმენტზე ხელი ცალმხრივად მოეწერა, – ამის შესახებ გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„შეიძლება, მე ჩემი სუბიექტური განწყობა მქონდეს, რომელი უფრო არის ამრევი, მაგრამ ამას შინაარსი არ გააჩნია. სინამდვილეში, ორივე ამრევია. მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნება“ ამბობდა – რა გინდათ, მეც ხომ არ მომწონს, მაგრამ თქვენ თუ ხელს მოაწერთ, მეც მოვაწერ, მაგრამ თქვენ არ აწერთო. „ქართული ოცნება“ ამ დონეზე ხომ მაინც აცხადებდა მზაობას და ალბათ, ამ არევაში უფრო მეტად დამნაშავე შეიძლება, ოპოზიცია იყოს. ამ ამბავს მეორე მხრივაც შევხედოთ – თუ „ქართულ ოცნებას“ მართლაც გულწრფელად უნდოდა შეთანხმების მიღწევა და ამ თემის აქტივისტი იყო, როგორ შეიძლებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა ასე დამძიმებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ამბებით? ვგულისხმობ რურუას და მელიას ქეისს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ დასრულდა მოლაპარაკებების პროცესი უშედეგოდ და რომელი მხარე გახდა ამის მიზეზი.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ მიდიოდა კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტთან და განიხილებოდა თუ არა გიორგი რურუას შეწყალების მექანიზმის საკითხი, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მისი აზრით, კრისტიან დანიელსონს პრეზიდენტთან ერთადერთი საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა, რომ გიორგი რურუას საკითხი მოეგვარებინა. 

„სხვა არანაირი საქმე არ შეიძლებოდა, დანიელსონს სალომე ზურაბიშვილთან ჰქონოდა. არა მხოლოდ დანიელსონს, მგონი, ქართველ ხალხსაც სხვა არაფერი საქმე არ აქვს მასთან. მან ეს საქმეც ვერ გადაწყვიტა ქართველი ხალხის სასარგებლოდ, რომ ამ კრიზისში ჩვენთვის ოდნავ მაინც შეეშველებინა ხელი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანმა იაგო ხვიჩიას იმ ფაქტის შესახებ შეახსენა, თუ როგორ გადაწყდა გიგი უგულავას საქმე სწორედ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით, რაზეც ხვიჩიამ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, მის შემდეგ პრეზიდენტი დააკომპლექსეს.

შეკითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების დისკრეციული უფლების გამოყენების საკითხი, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ეს საუბრის თემა იყო, თუმცა, მოლაპარაკების მაგიდაზე ასეთი რაღაც ოფიციალურად, დოკუმენტის სახით არ იდო.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ნამდვილად იყო საუბრები იმის შესახებ, რომ უდოს მექანიზმის გამოყენებით გიორგი რურუა საპატიმროს ნოემბერში სამაჯურით დატოვებდა.

„ოპოზიციის მხრიდან მაგიდის აყირავების საფუძვლად ეს საკითხი იყო გამოყენებული. ოპოზიცია თვლიდა და ჩემი აზრით, სამართლიანად, რომ ჯობდა, ეს საკითხი დღესვე გადაწყვეტილიყო. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც, ეს პირობა იყო თუ არა ხელსაკრავი, ყველაფრის გათვალისწინებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამან, რომ ეს საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყვეტილიყო და არა ახლავე, პროცესი ძალიან დააზიანა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, რომელი თემა უფრო მეტად გახდა ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანის მიზეზი, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი თუ ვადამდელი არჩევნები, „გირჩის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი ორივე თემა გახდა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტს ხელი ცალმხრივად უნდა მოაწეროს, რითაც მინიმუმ, საქართველოს რეპუტაციას შეინარჩუნებს დასავლეთში, რადგან გასაგები გახდება, რომ ევროპელების მიერ მოფიქრებული გზა ხელისუფლებამ აღიარა და ოპოზიცია არ ეთანხმება.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დახურა თუ არა ხელისუფლებამ მოლაპარაკების კარი, თუ რჩება დიალოგის გაგრძელების პერსპექტივა, თუნდაც, ევროკავშირის ჩართულობით, ხვიჩიამ განაცხადა, რომ არ იცის, როგორ უნდა დაიხუროს მოლაპარაკების კარი.

„არ ვიცი, იდეაში როგორ უნდა დაიხუროს მოლაპარაკების კარი. მაშინ, მარტო ჩხუბის კარი რჩება ღია. ჩვენ სხვა, ქრონიკულ პროცესში გადავდივართ, რომელიც ამ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება და არ ვიცი, საბოლოო ჯამში სადამდე მივა. არ მგონია, რომ ეს კარები ხელისუფლების გასაღები და დასახურია და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით კიდევ იქნება პროცესები. უბრალოდ, ახლა იმედი რომ ვიქონიოთ, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება გაგრძელდება, ეს ზედმეტად ოპტიმისტური იქნება. სამწუხაროდ, ასეთი კეთილგონიერი პოლიტიკური სპექტრი არ გვყავს. თუმცა, შანსი ყოველთვის არსებობს, რომ ადამიანები გონს მოეგონ. შეიძლება, ჯერ კიდევ არ იყოს გვიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.