Human Rights Watch - სამუშაოს შესრულების დროს ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობით
ყოველ წელს საწარმოო ინციდენტების შედეგად ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შესახებ Human Rights Watch-ის 2017 წლის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაოს შესრულების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიება იშვიათად მთავრდება ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებით.
„სახალხო დამცველის ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, ბოლო ხუთ წელიწადში 270 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 18 ადამიანი 2017 წლის პირველ ნახევარში დაიღუპა.
სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შრომის ინსპექციას აკრიტიკებდნენ სტანდარტების აღსრულების უფლებამოსილების არქონის გამო, რის შედეგადაც სამუშაო ადგილებზე ვერ დაინერგა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ეფექტიანი ზომები.“, – აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.