Human Rights Watch-ი არგენტინის ხელისუფლებას საუდის არაბეთის პრინც სალმანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი არგენტინის ხელისუფლებას საუდის არაბეთის პრინც სალმანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ არგენტინის ხელისუფლებას მიმართა, გამოიყენოს მკვლელობასთან და ომის დანაშაულთან დაკავშირებული კონსტიტუციის მუხლი და ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე და იემენის ომზე გამოძიება დაიწყოს.
არგენტინის კონსტიტუცია წამებასა და ომის დანაშაულზე უნივერსალურ იურისდიქციას აღიარებს. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით არგენტინის მთავრობას გამოძიების დაწყება შეუძლია, არ აქვს მნიშვნელობა სად არის ეს დანაშაულები ჩადენილი.
Human Rights Watch-ში აცხადებენ, რომ მიმართვის გაკეთების გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მოჰამედ ბინ-სალმანი მიმდინარე კვირაში, ბუენოს-აირესში „დიდი ოცეულის“ სამიტის გახსნას დაესწრება.