სოფო კილაძე საკონსტიტუციო რეფორმაზე Human rights watch-ის შეფასებას არ ეთანხმება
სოფო კილაძე საკონსტიტუციო რეფორმაზე Human rights watch-ის შეფასებას არ ეთანხმება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, Human rights watch-ის ანგარიშში ბევრ ისეთ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, რაზეც ხელისუფლებამ იცის, რომ რეფორმებია გასატარებელი.

„ეს ნარკოპოლიტიკა არ შეესაბამება იმ განწყობებს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფშია, ამაზე ჩვენც ხმამაღლა ვსაუბრობთ. ასევე კითხვის ნიშნებია სამართალდამცავებთან მიმართებით. არის საკითხები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება გაუმჯობესება და ამაზე ვმუშაობთ. ადამიანის უფლებების დაცვა არის ძალიან გრძელვადიანი პროცესი და ის არასდროს არის საკმარისი.

ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ძალიან დიდი ცვლილება გვაქვს უკეთესობისკენ, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი გამოწვევა და ამ გამოწვევებს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ გარკვეული კითხვის ნიშნებია დაფიქსირებული და ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ჩვენ აქ სასაყვედურო არაფერი გვაქვს“, – განაცხადა პირველ არხთან სოფო კილაძემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.