Human Rights Watch - საქართველოში ნარკოდამოკიდებულებას, მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს
Human Rights Watch - საქართველოში ნარკოდამოკიდებულებას, მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს

საქართველოში ნარკოდამოკიდებულებას, მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს, – ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რუმსში” გაიმართა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, არალეგალური ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით და ზედმეტად მძიმე ჯარიმების დაკისრებით მთავრდება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვისთვის არაფერი დაუშავებია და მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

67-გვერდიან ანგარიშში – „სამაგალითო დასჯა: საქართველოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“ – აღწერილია ზედმეტად მკაცრი ნარკოკანონმდებლობის და პრაქტიკის გავლენა ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანებსა და მათ ოჯახებზე.

Human Rights Watch-ის ანგარიშში დეტალურადაა შესწავლილი თვითნებური სავალდებულო ნარკოტესტირების პრაქტიკა, იძულებითი საპროცესო შეთანხმებები და დამატებითი, ავტომატურად გამოყენებული სასჯელები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ან მთელი რიგი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლების აკრძალვა, რაც ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის მოპოვების შესაძლებლობას უზღუდავს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ლიბერალიზაციისკენ, არსებული კანონმდებლობა მაინც ზედმეტად მკაცრია.

Human Right Watch-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით, მისი მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია, ეს ნიშნავს ამ ქმედებებზე ყველა სისხლისსამართლებრივი სასჯელის გაუქმებას.

როგორც Human Right Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი გიორგი გოგია აცხადებს, ადამიანების ციხეში გამოკეტვას ნარკოტიკების მოხმარების, ან მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის გამო, უზარმაზარი ზიანი მოაქვს მათთვის და ვერაფრით ეხმარება პირებს, ვისაც მკურნალობის საჭიროება და სურვილი აქვს.

გიორგი გოგია საუბრობს იმ რეკომენდაციებზეც, რომელიც ორგანიზაციამ შეიმუშავა აღნიშნული პრობლემის დასაძლევად.

„ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც ანგარიში იძლევა ეს არის, მოხდეს პირადი მოხმარების ან მცირე ოდენობით ფლობის პირადი მოხმარებისთვის დეკრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ამ დანაშაულის სრულად ამოღება სისხლის სამართლის კოდექსიდან. მიუხედავად იმისა, თუ ეს განმეორებით იქნა ჩადენილი. აუცილებლად უნდა შეწყდეს იძულებითი ნარკოტესტირების არსებული პრაქტიკა, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა გოგიამ.

ანგარიშში ემყარება 85 სიღრმისეულ ინტერვიუს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანებთან, მათ ადვოკატებთან, ოჯახის წევრებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

დატოვე კომენტარი